საკანონმდებლო ორგამომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების, გივი მიქანაძის, ალუდა ღუდუშაურის, ფრიდონ ინჯიასა და დავით ზილფიმიანის მიერ, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შემუშავებული დასკვნა და რეკომენდაციები დაამტკიცა. დადგენილების პროექტს მხარი 79-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში“.
კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში წერია, რომ, წინასაარჩევნო პერიოდში, ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე მტკიცებულებები თითქმის არ არსებობს. ამავე დოკუმენტის თანახმად, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების, ზეწოლისა და მუქარის შესახებ ბრალდებები დამაჯერებლობას არის მოკლებული.
დასკვნაში ცალკე პუნქტი ეთმობა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ მიერ განხორციელებული პარალელური დათვლის არასწორ შედეგებს.
„არასწორმა შედეგებმა პირდაპირი გავლენა მოახდინა პოლიტიკური პროცესების ესკალაციაზე, გაამყარა ოპოზიციის დიდი ნაწილის უსაფუძვლო ბრალდებები გაყალბებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ქვეყანას მიაყენა რეპუტაციული ზიანი და სერიოზულად შელახა თავად ორგანიზაციის იმიჯი. ორგანიზაციამ 1-ელ ნოემბერს, ნაცვლად დაანონსებული 11 საათისა, ბუნდოვანი მიზეზით, 3 საათის დაგვიანებით, 14 საათზე გამოაქვეყნა პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ცესკოს მიერ გამოქვეყნებული როგორც პირველადი, ისე საბოლოო შედეგებისგან. აღნიშნული გარემოება ოპოზიციის დიდი ნაწილის მიერ 6 კვირის განმავლობაში გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი არჩევნების გაყალბების მტკიცებისას. მმართველმა პარტიამ პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღეში საჯარო ბრიფინგზე ეჭვქვეშ დააყენა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი შედეგები, ხოლო 2 კვირის თავზე მიმართა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს და მოუწოდა ეღიარებინა უხეში უზუსტობა, რაზეც ამ უკანასკნელისგან უარი მიიღო. თუმცა, მოგვიანებით, მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განხორციელებული არაერთი კომუნიკაციის საფუძველზე, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, ჩაეტარებინა შიდა აუდიტი, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ პარალელური დათვლის შედეგები არასწორი იყო. საგამოძიებო კომისიის საქმიანობით გამოიკვეთა, რომ პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო როგორც უხეში შეცდომით, ისე მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედებით. ორგანიზაციის მიერ არასწორად იყო გამოყენებული ფორმულა, რომლის კორექტირების შემდეგ პარალელური დათვლის შედეგები ცესკოს შედეგებს დაემთხვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
დადგენილების პროექტი 5 რეკომენდაციასაც მოიცავს:
1. მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გასაჯაროებისგან;
2. მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, დასკვნებსა და ანგარიშებში ასახოს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია, აგრეთვე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს რომელიმე პარტიის თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან სააწინააღმდეგო ქმედებად;
3. მიზანშეწონილია, დაიხვეწოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული სადამკვირვებლო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის სტანდარტი;
4. ცესკომ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება;
5. აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განახორციელონ და გამოძიება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაასრულონ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ ოპონენტებს შესთავაზა, ასობით საარჩევნო უბნის დალუქული დოკუმენტაციის გადათვლა, ყველა საარჩევნო უბნის ვიდეოჩანაწერების ამოღება და გაცნობა, სატელევიზიო დებატები არჩევნებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შესახებ, აგრეთვე - პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა. თუმცა, ყველა აღნიშნულ შეთავაზებაზე ოპოზიციამ საჯაროდ უარი განაცხადა. ოპოზიციის უარის მიუხედავად, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, საგამოძიებო კომისიის ფორმატში შეესწავლა ნებისმიერი საკითხი, რასაც საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენა შეიძლება მოეხდინა.
31 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, დროებითი საგამოძიებო კომისია ფრაქცია „ქართული ოცნების" ინიციატივით შეიქმნა. კომისიამ ოთხი დეპუტატის შემადგენლობით იმუშავა, რომლებიც „ქართული ოცნებიდან" და ასევე, „ევროპელი სოციალისტებიდან" იყვნენ წარდგენილნი.
მმართველი გუნდის მოწოდებების მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის მუშაობასა და, შესაბამისად, თითქმის 100-გვერდიანი დასკვნის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღია და საკუთარი ბრალდებების დამტკიცება ფაქტებითა და არგუმენტებით არ უცდია.