გივი მიქანაძე: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაზე აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე

გივი მიქანაძე: წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაზე აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე

წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს ძალოვანი სტრუქტურების მიერ 180 შემთხვევაზე აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე, - ამის შესახებ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 61 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შს სამინისტროს მიერ და 119 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პროკურატურის მიერ.

„რეაგირება იმ ქმედებებზე, რომლშიც შესაძლოა ყოფილიყო დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცავების მიერ იყო მყისიერი. 61 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა შს სამინისტროს მიერ და 119 შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა პროკურატურის მიერ. დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს 125 საქმეზე. გამოძიება სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის საქართველოს პარლამენტის მიერ 2021 წლით ამნისტიის შესახებ კანონით შეწყდა 26 საქმეზე, დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ. დევნა შეწყდა 4 პირის მიმართ, სასამართლოში წარიმართა 14 საქმე, რომელთაგან 5 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2 სისიხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა შეწყდა 2021 წლის იანვრის კანონით ამნისტიის შესახებ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ დასკვნები და რეკომენდაციები უკვე დაამტკიცა.

დღესვე, კომისიის დასკვნა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე, განიხილება და დამტკიცდება.

„ქართული ოცნების“ მოწოდების მიუხედავად, ოპოზიციის ნაწილი კომისიის სხდომას არ დაესწრო. საგამოძიებო კომისიის დასკვნა 100-გვერდიანია და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, გამოკვეთილი ხარვეზები ძირითადად ტექნიკური ხასიათის ცდომილებებს უკავშირდება.