პაატა მანჯგალაძე:  გიორგი კალანდარიშვილი უწყებათაშორის საბჭოზე წარმოადგენდა ცესკო-ს და ყველა დარღვევაზე წულუკიანზე მეტად იცავდა “ქართული ოცნების“ ინტერესებს

პაატა მანჯგალაძე:  გიორგი კალანდარიშვილი უწყებათაშორის საბჭოზე წარმოადგენდა ცესკო-ს და ყველა დარღვევაზე წულუკიანზე მეტად იცავდა “ქართული ოცნების“ ინტერესებს

გიორგი კალანდარიშვილს ვიცნობ 2018 წლიდან. ცესკო-ს წარმოადგენდა უწყებათაშორის საბჭოზე და ყველა დარღვევაზე, რომელზეც მივუთითებდით, წულუკიანზე მეტად იცავდა “ქართული ოცნების“ ინტერესებს. ბუნებრივია, მის მიმართ ნდობა არ მაქვს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო-ში მუშაობა სტიგმა არ არის, თუმცა, წარმოდგენილი კანდიდატები მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ.

„19 აპრილის შეთანხმებაში სწორედ ის იყო გათვალისწინებული, რომ მმართველ პარტიას არ შეძლებოდა ერთპარტიულად ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევა, მაგრამ "ქართული ოცნება" რისი "ქართული ოცნებაა", ის თუ არ გააკეთა, რაც ყველაზე ცუდი ვერსიაა. ცესკო-ში მუშაობა სტიგმა არ არის, მაგრამ ეს ადამიანები მინიმალურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. კანდიდატი უნდა ყოფილიყო პრინციპული, ობიექტური და კეთილსინდისიერი. ყველა მათგანთან მიმართებაში გვაქვს დასაბუთებული კითხვები, ისინი ოპოზიციის ნდობას არ იმსახურებენ,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს ახალი თავმჯდომარისა და ორი პროფესიონალი წევრის მაღალი კვორუმით არჩევას პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კიდევ ერთხელ ეცდება. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატებს კენჭი ამჯერად 3/5 კვორუმით ეყრება, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევისთვის სულ მცირე 90 ხმა იქნება საჭირო.

პარლამენტმა ხმათა 2/3-ით ვერცერთი კანდიდატი ვერ აირჩია, თუმცა ცნობილია, რომელ კანდიდატურებს აქვთ "ქართული ოცნების" უმრავლესობის მხარდაჭერა. კენჭისყრისას ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ პოსტზე ყველაზე მეტი ხმა გიორგი კალანდარიშვილმა მიიღო, ხოლო ცესკო-ს პროფესიული წევრის ადგილზე უმრავლესობა გიორგი ცაცაშვილსა და მაია ზარიძეს უჭერს მხარს.

თუ 26 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს ვაკანტურ თანამდებობაზე პირთა არჩევა კვლავ ვერ მოხდა, მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კენჭისყრა გაიმართება. აღნიშნული კენჭისყრისას არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელსაც მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს.