საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შემოდგომაზე ქვეყანაში უკვე 3 მილიონი კოვიდვაქცინა იქნება მობილიზებული.
„მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ მივიღეთ „ფაიზერის“ ნახევარი მილიონი დოზა ვაქცინა. მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენს ამ დახმარებისთვის. ჩვენ მილიონ-ნახევარი ვაქცინა უკვე ჩამოვიტანეთ და ადგილზეა. ანუ, ჯანში, დღეს 2 მილიონი დოზა ვაქცინა გვაქვს - 1.5 მილიონი ჩინური ვაქცინა და ნახევარი მილიონი „ფაიზერი“. გარდა ამისა, მილიონი დოზა ჩვენ უშუალოდ მწარმოებელს დავუკვეთეთ და ეს პროცესი დაწყებულია, მიმდინარეობს. ჯამში, გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, ორი მილიონი ადგილზეა და მილიონი თვე-თვენახევარში შემოვა ეტაპობრივად, ყოველ შაბათ-კვირას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დღეს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 37 ამცრელ პუნქტში, „ფაიზერით“ ვაქცინაცია დაიწყო. მობილიზებულია დამატებითი, ამცრელი ბრიგადები. ვაქცინის დოზები აქტიურად ნაწილდება რეგიონებშიც. იმ უბნებში, სადაც „ფაიზერით“ ვაქცინაციის ადგილები შეივსო, მოთხოვნის შესაბამისად, დამატებითი დოზები მობილიზდება.
ამ ვაქცინით იმუნიზაცია 16 წლის და ზემოთ ასაკის პირებისთვისაა შესაძლებელი. ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ამ ელექტრონულ პორტალზე.
24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა. ამასთან, ლიეტუვამ საქართველოს „ასტრაზენეკას“ 15 ათასი დოზა აჩუქა. „ფაიზერზე“ რეგისტრაციისთვის, პორტალი 24 ივლისს, 12:00 საათზე გაიხსნა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 404 023 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 374 753, გარდაიცვალა 571 4 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.