მედია: აშშ-ის ადმინისტრაცია ბელარუსისთვის მორიგი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

მედია: აშშ-ის ადმინისტრაცია ბელარუსისთვის მორიგი ეკონომიკური სანქციების დაწესების შესაძლებლობას განიხილავს

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ახალი სანქციები ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის იზოლაციაზე იქნება მიმართული და ბელარუსის კალიუმისა და ნავთობის სექტორებს შეიძლება შეეხოს.

21 ივლისს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი გააგრძელებს ლუკაშენკოს რეჟიმზე პასუხისმგებლობის დაკისრების ძალისხმევას, მათ შორის ახალი სანქციების დაწესებით.

20 ივლისს ჯეიკ სალივანი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას შეხვდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ალექსანდრე ლუკაშენკომ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი და დაიწყოს სრულფასოვანი და გულწრფელი დიალოგი დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლის მიზანი ეუთოს მეთვალყურეობის ქვეშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება.

20 ივლისს აშშ-ში ვიზიტით მყოფი ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა, რომ მხარეებმა ბელარუსში არსებული ვითარება და რეჟიმის მხრიდან ოპონენტების დევნა და რეპრესიები განიხილეს.