სასტიკი ანგარიშსწორების დეტალები: „მკვლელმა ჯერ თავისი მანქანა დააჯახა მოკლულის მანქანას, რომელშიც მამა-შვილი იჯდა და მერე იქიდან გადმოსულებს ორი სხვადასხვა იარაღი დააცალა

სასტიკი ანგარიშსწორების დეტალები: „მკვლელმა ჯერ თავისი მანქანა დააჯახა მოკლულის მანქანას, რომელშიც მამა-შვილი იჯდა და მერე იქიდან გადმოსულებს ორი სხვადასხვა იარაღი დააცალა"

უმძიმესი დანაშაული ზუგდიდში, ტოლსტოის ქუჩაზე 23 ივლისს მოხდა. 62 წლის გრამიტონ ლაგვილავა მისმა ბიზნესპარტნიორმა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დრომდე სიკვდილს ებრძვის მისი ვაჟი, 40 წლის გიორგი ლაგვილავა, რომელიც ასევე დამნაშავემ სასიკვდილოდ გაიმეტა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა. დაჭრილი გრამიტონ ლაგვილავას გადარჩენა ადგილობრივებმა სცადეს, სროლის ხმაზე ქუჩაში გამოსულებს ის ძირს დაგდებული დახვდათ, სასწრაფოდ იქვე, შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ შენობაში გადაიყვანეს, მაგრამ,

სამწუხაროდ, სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში წევს, მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. 

სამართალდამცავებმა დანაშაული ოპერატიულად გახსნეს. მამა-შვილის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ზუგდიდელი ზაურ კვიკვინია დააკავეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბრალდებული ორი იარაღით იყო შეიარაღებული. ამ უმძიმესი დანაშაულის შემდეგ ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თუმცა სამართალდამცვებმა იმავე დღეს დამნაშავეს მიაგნეს და დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ზუგდიდში დააკავეს. ერთი ვერსიით, დამნაშავე აფხაზეთის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.

ზაურ კვიკვინიას ზუგდიდში ბევრი იცნობს, ის ადრე საკრებულოს წევრი იყო. ადგილობრივების თქმით, ბრალდებულს რუსეთშიც ჰქონდა ბიზნესი და საქართველოშიც მეგობრებს ერთად ბენზინგასამართი სადგური ჰქონდათ. სწორედ იმ ბენზინგასამართი სადგურის წინ მოხდა ეს ტრაგედია.

"საშინელი ამბავი მოხდა. როგორც ჩანს, ფულის გამო დატრიალდა ეს ამბავი. ზუგდიდში ამბობენ, 10 000 დოლარს ითხოვდა ზაური გრამიტოსგანო, ეს იყო ბიზნესიდან წილი, თუ მას ფული ასესხა და იმ თანხას თხოვდა, არ ვიცით. ძალიან კარგი ადამიანი იყო მოკლული, ზუგდიდში ყველას უყვარდა და ყველა პატივს სცემდა. მკვლელობაც ბენზინგასამართ სადგურთან მოხდა. როგორც ვიცი, მკვლელობამდე მკვლელმა თავისი მანქანა დააჯახა მოკლულის მანქანას, რომელშიც მამა-შვილი იჯდა, იქიდან გადმოსულებს კი ორი სხვადასხვა იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა. ძალიან ცუდი ამინდი იყო, კოკისპირულად წვიმდა, როგორც ჩანს, ჯერ გრამიტოს ესროლა, მერე შვილმა ეტყობა ჩხუბი დაუწყო, მამას რატომ ესროლეო და ამ დროს გიაც არ დაინდო და მასაც ესროლა. იქვე ახლოს ვინც იყვნენ, ისინი ამბობენ ამას, რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთო. თურმე ძირს ეგდო საწყალი გრამიტო წვიმაში. სასწრაფოდ შეუყვანიათ იქვე რესტორანში, მაგრამ ვერ გადაარჩინეს.

დანაშაულის ჩადენის შემდეგ მკვლელმა იარაღი იქვე მდებარე ნაგვის ურნაში ჩააგდო თურმე და ადგილიდან თავისი ჯიპით მიიმალა. მერე დააკავეს. იმედი გვაქვს გია გადარჩება, ძალიან კარგი ბიჭია. კარგი შვილები გაზარდა გრამიტომ, მეორე ბიჭი გერმანიაშია, წარმატებული ახალგაზრდა, მან ეს ამბავი იქ გაიგო. დღეს ველოდებით საქართველოში მის ჩამოსვლას. მოკლულს ორივე შვილი დაოჯახებული ჰყავს, ძალიან კარგი ოჯახი ჰქონდა, კარგი კაცის სახელი დატოვა და ყველა განვიცდით მომხდარს. ხალხი შოკშია, ისეთი კარგი ადამიანია მოკლული",- ამბობს კვირის პალიტრასთან საუბარში ადგილობრივი.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მკვლელობაში ბრალდებული ზაურ კვიკვინია სხვას მოკვლით დაემუქრა. "ზაურის მისი ყოფილი სიძეც უჩიოდა ადრე. მათაც ჰქონდათ ერთად ბიზნესი და ამის გამო მერე დავა. ყოფილმა სიძემ უჩივლა კიდეც მაშინ პოლიციაში, მოკვლით მემუქრებაო".