საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტის, ანალიტიკოს ალექსანდრე მიშველიძის განცხადებით, ოპოზიცია საკუთარი უპასუხისმგებლო განცხადებებით, პირდაპირ თუ ირიბად რუსეთის ინტერესებს ატარებს.
“ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პატივს არ სცემს ქვეყნის მოსახლეობის ისტორიულ არჩევანს, რომელიც საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას გულისხმობს. მათი საუბარი არარსებულ სანქციებზე, სწორედ რუსეთის ინტერესებს ემსახურება - დათესოს მოსახლეობაში ნიჰილიზმი, უნდობლობა დასავლეთისადმი და შეაფერხოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია” - აცხადებს მიშველიძე.
“გასული წლის ივლისში, როდესაც აშშ-ის კონგრესის ასიგნებათა კომიტეტმა გარკვეული დათქმები ჩადო აშშ-ის სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების შესახებ კანონპროექტში, ოპოზიციის იგივე წარმომადგენლები უპრეცედენტო სანქციებზე ალაპარაკდნენ, მაგრამ
თვალნათლივ დავინახეთ, რომ საბოლოო კანონპროექტში დათქმები აღარ ყოფილა და საქართველოსთვის გამოყოფილი თანხა 4 წლის განმავლობაში 50 მილიონით გაიზარდა და 132 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა” - განაცხადა ალექსანდრე მიშველიძემ.
მისი თქმით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად აქვეყნებს ფისკალური გამჭირვალობის ანგარიშს, სადაც საქართველო ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ერთად არის მოხსენიებული და დადასტურებულია, რომ გამოყოფილი თანხების ათვისება მიზნობრივად ხდება.
“იგივე შეგვიძლია ვთქვათ ევროკავშირზე - ყოველწლიურად მზადდება ასოცირების შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებსა და იმ პროგრესზე, რაც ქვეყანამ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მიაღწია” - დასძენს მიშველიძე.
წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს ალექსანდრე მიშველიძე დასავლური ინსტიტუტების ზოგიერთი რეზოლუციისა და ანგარიშის გახსენებას ურჩევს.
“ქალბატონი სამადაშვილის ელჩობის პერიოდში, არა ერთი კრიტიკული რეზოლუცია მზადდებოდა და მაშინ არ დაწესებულა სანქციები ქვეყანას თუ კონკრეტულ მაღალჩინოსანს. ამჟამად, როდესაც პროგრესს ყველა ერთხმად აღიარებს, რაც დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, კანონის უზენაესობის დაცვას და სხვა ამბიციურ რეფორმებს გულისხმობს, რაც ასახვას ჰპოვებს ანგარიშებსა და რეზოლუციებში, რატომ უნდა საუბრობდნენ ოპოზიციონერები სანქციებზე, გაუგებარია.
თაროზე გედოს 2011 წლის 17 ნოემბრის ევროპარლამენტის კრიტიკული რეზოლუცია, სადაც საუბარი იყო სახელმწიფოს მხრიდან ფეხქვეშ გათელილ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებზე, პენიტენციურ სისტემაში არსებულ განუკითხაობაზე, შეკრებისა და გამოხატვის უფლებების შეზღუდვაზე და დღევანდელი ხელისუფლების მისამართით ითხოვდე სანქციების დაწესებას, სრული აბსურდია” - აცხადებს ალექსანდრე მიშველიძე.