"სამართლიანობისთვის მებრძოლი" ჭუტას ნაყიდი სამართალი. რა ისტორიას მალავდა წერეთელი 21 წელი (ვიდეო)

რას მალავს სამართლიანობისთვის მებრძოლი მედიამფლობელის, ტვ პირველის დამფუძნებლის, ვატო წერეთლის წარსული – POSTV-ის სიუჟეტიდან ირკვევა, რომ 2000 წლის 16 ივნისს ვატო წერეთელმა ავტოავარიისას 16 წლის მოზარდი იმსხვერპლა.

„ჩვენი ქვეყნის უახლესი წარსული ინახავს ისტორიას, თუ როგორ მიჩქმალა მაშინდელმა სახელმწიფო მანქანამ დანაშაული და როგორ გულგრილად მიუდგა იმჟამინდელი მედია ერთი ოჯახის ტრაგედიას, რომლის მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელია.

მამუკა ხიდაშელი 15 წლის მოზარდი იყო. დედასთან ერთად ბოლო ვარჯიშზე მიდიოდა, საზაფხულო არდადეგები უკვე დაწყებული იყო და მეორე დღიდან ისიც მეგობრებთან ერთად დასვენებას გეგმავდა. მაგრამ მეორე დღე უბრალოდ არ დადგა. ხვალ უკვე სიკვდილი იყო.

სახლიდან დილით დედასთან ერთად გამოვიდა, ავტობუსით იმგზავრა, ორთაჭალაში გორგასლის ქუჩაზე გაჩერებაზე ჩამოვიდა და შუქნიშანთან გაჩერდა გზის გადასაჭრელად. ბოლოს რაც დაინახა, მისი მიმართულებით სწრაფად მიმავალი “მერსედესი” იყო“, – ნათქვამია სიუჟეტში.