ნიკო ნიკოლაძე განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ

ნიკო ნიკოლაძე განვითარების შემაფერხებელი მიზეზების შესახებ

შეუძლებელია მხედველობაში მივიღოთ მხოლოდ დღევანდელი ფაქტები; აუცილებელია ვიხედებოდეთ შორს,  განვჭვრიტოთ თუ რა მოხდება დროთა განმავლობაში. ჩვენ მივეჩვიეთ ქედის მოხრას დღევანდელობის წინაშე, ისე, რომ სრულიადაც არ ვფიქრობთ მომავალზე. (.ნიკოლაძე)

ნიკო ნიკოლაძის მიერ ჩატარებული უზარმაზარი მოცულობის სამუშაო ძალზე წააგავს გამოცდილი ექიმის მიერ ავადმყოფი პაციენტის მიმართ განხორციელებულ ღონისძიებებს: დიაგნოზის დასმა ანუ ავადმყოფობის მიზეზების დადგენა – თუ რითაა ადამიანი ავად; შემდეგ კი შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა (ანუ წამლების გამოწერა). დანარჩენი უკვე პაციენტის საქმეა – თუ როგორ შეასრულებს იგი ექიმის დანიშნულებას – გულმოდგინედ თუ დაუდევრად, დღეს თუ ხვალ.

ნიკო ნიკოლაძემ შეისწავლა და გულმოდგინედ გამოიკვლია საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი

მიზეზები და ადეკვატური მკურნალობაც შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე, ისე მის შემდეგ (1918-1921 წ.წ).

საქართველოს შეფერხებისა და ჩამორჩენის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ნიკოლაძეს მიაჩნდა მმართველობის ფორმა და მართვის პრობლემები მრავალეროვნულ საქართველოში [(თავად მრავალეროვნულობაც, მას პატარა და დიდი ქვეყნებისთვისაც, ძალზე დიდ თავსატეხად და პრობლემების შემქმნელად მიაჩნდა: “შიგნიდან ციხესაც და მხარესაც აუძლურებს და სტეხს მრავალ-ფერობა და სხვა და სხვა გვარ-ტომობა მისი მცხოვრებლებისა .

საერთოდ მიჩნეულია, რომ ქართველები ძნელად სამართავი (ე.წ. “უმართავი”) ხალხი ვართ, რომ ქართველებს გვიჭირს და არ გვეხერხება ეფექტური მართვა. (კარგი და ეფექტური მართვის მექანიზმი მსოფლიოში თითებზე ჩამოსათვლელ ხალხებს აქვთ – ევროპელების ნაწილს, აშშ და კანადას, იაპონიას, სამხრეთ კორეას, ჩინეთს და კიდევ რამდენიმე ქვეყანას. მართვასთან უშუალო კავშირშია ხალხის ეთნოფსიქიკა და მენტალობა, ტრადიციები, შრომითი და საშემსრულებლო კულტურა, უფროსის ერთგულება და ა.შ.

 გავაკეთოთ ერთი შედარებაც, თუ როგორ უდგებიან მართვის პრინციპებს აშშ-ში.

 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული კომპანია Apple-ს მფლობელი სტივ ჯობსი. მან თავისი კომპანია 1976 წელს დააარსა მშობლების ავტოფარეხში. მის ბიოგრაფს უოლტერ აიზეკსონს გადმოცემული აქვს სტივ ჯობსის მართვის პრინციპები, რომლითაც შეიძლება წარმატების მიღწევა:

ა)         ფოკუსირება მოახდინეთ ერთ მიზანზე;

ბ)         მთელი პასუხისმგებლობა აიღეთ საკუთარ თავზე;

გ) ხარისხიანი პროდუქტების შექმნა მოგებაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს;

დ) მუშაობის დროს გააერთიანეთ როგორც ჰუმანიტარული, ისე საბუნებისმეტყველო ცოდნა;

ე) რეალობა საკუთარ მოთხოვნილებებს მოარგეთ;

ვ) ნებისმიერი საქმის კეთების დროს ეცადეთ სრულყოფილებას მიაღწიოთ;

ზ) პრობლემებს პირისპირ შეხვდით;

თ) მუშაობისას უნდა იცოდეთ საკითხისა თუ პრობლემის როგორც საერთო  სურათი, ასევე დეტალები;

ი) იყავით თავზეხელაღებულნი და მიზანს ყოველთვის მიაღწევთ.

მართვის შესახებ ცოდნის გავრცელების მიუხედავად ქართული ბიზნესი მაინც განსხვავებულად იმართება – ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე).

 ნიკო ნიკოლაძეს კარგად ესმოდა, რომ განსაკუთრებით რთულია მართვის მეცნიერული მეთოდების დაუფლება იმ განვითარებადი ქვეყნებისათვის, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში მეტროპოლიის უღელქვეშ გმინავდნენ და რომ ამ მეთოდების დაუფლებას საკმაო დრო და გამოცდილების დაგროვება სჭირდება: “როგორც ბავშვი უნდა დაეცეს მრავალჯერ, რათა საიმედო და სწორი ნაბიჯების გადადგმა ისწავლოს, ისე საზოგადოებაც ვარდება გამოუვალ მდგომარეობაში, განიცდის მარცხს, ვნება მოაქვს თავისთვის, სანამ ჩასწვდებოდეს საკუთარი თავის მართვის ბრძნულ მეცნიერებას. ეს საერთო ხვედრია ყველა განვითარებადი საზოგადოებისთვის, რომელიც საუკუნეობრივი ძილისა და აპათიის მდგომარეობიდან გამოდის” – წერდა იგი.

თავის საინტერესო ანალიტიკურ სტატიაში “ბულგარია” ( დაიბეჭდა “მოამბეში” 1894 წელს) ნიკო ნიკოლაძემ გამოჰყო მმართველობის ორი საპირისპირო ფორმა – ბიზანტიური (ამ შემთხვევაში აზიური ) და ევროპული.

ნიკოლაძე თვლიდა, რომ ქართველების, რუსების, სომხების, მაჰმადიანი ხალხების ჩამორჩენის მიზეზი რელიგია კი არ იყო (რწმენით და ერთგულებით ისინი ევროპელებს არ ჩამოუვარდებოდნენო), არამედ მმართველობის სისტემა და ფორმა.

როგორც ბიზანტიაში, ასევე საქართველო-სომხეთსა და სლავურ ქვეყნებში, მაჰმადიანურ ხალხებში მმართველობის სისტემა დესპოტურ-ტირანული (ავტოკრატიული) იყო, სადაც ყველაფერი დესპოტის (იმპერატორი, მეფე, მთავარი) ნება-სურვილს ემორჩილებოდა. “ევროპაში კი დაარსდა სხვადასხვაგვარი სიმართლე, კანონი, ტრადიცია, სისტემა და ბოლოს მეცნიერებაც. მათი შემწეობით სუსტი მეფეც რომ მჯდარიყო ევროპაში ტახტზე, ეს გარემოება თითქმის არც კი დაეტყობოდა ქვეყნის საქმეებს; ისტორია, ისტორიული პროგრესი, მაინც თავისებურად, აუჩქარებლად, მაგრამ დაუხევლადაც წინ მიდიოდა” .

ვინაიდან ჩვენთან არ არსებობდა დემოკრატიული მმართველობის არც ერთი ინსტიტუტი – სენატი, პარლამენტი ან სხვა რამ ( ყუთლი-არსლანის დასის მიერ პარლამენტის შემოღების მცდელობა 1184 წელს ჩაიშალა), ცხადია, ადგილი არ ექნებოდა პლურალიზმს, აზრთა ურთიერთგაცვლას, პაექრობას, ოპოზიციის გარანტირებულად არსებობას, ერთი სიტყვით, აზროვნების და ქმედების თავისუფლებას.

ნიკო ნიკოლაძე აღნიშნავდა იმასაც, რომ დესპოტიას სძულს წარსული, წინაპართა ნაღვაწი და ნაშრომი. ყველა დიქტატორი ისტორიას თავიდან იწყებს, მიაჩნია, რომ ყველაფერი მისგან იღებს სათავეს (საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი 2004-2013 წლებში მიხეილ სააკაშვილი ამის კარგი მაგალითია –ვ.შ.). რაც მანამდე იყო, უარსაყოფი და დასაგმობია .ერთი სიტყვით, თაობათა შორის მემკვიდრეობითობის არარსებობა იყო ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოების ნორმალური განვითარების შეფერხებისა.

სხვანაირად უდგებიან ამ საკითხს ევროპაში. ნიკოლაძის გონივრული დაკვირვებით “ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი ახალი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს, და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს, ისე, რომ დღევანდელ თაობას, მაგალითად, მარტო თავის ნაშრომი და შენაძენი კი არ უკავია ხელში, მთელი ათი თუ ოცი საუკუნის სიკეთით და საუნჯით არის მდიდარი. ბიზანტიაში და საზოგადოდ აზიაში, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ, და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა, ყოვლად უაზრო, აუზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს. აქ ნიადაგი შინაგანი ბრძოლაა ერთი თაობისა მეორის, უწინდელის, წინააღმდეგ, ბრძოლა მარტო პირად მადაზე დამყარებული. ყველაფერი ერთ კაცზე ტრიალებს და არა დაწესებულებაზე. ის კაციც ნელ-ნელა იმ შეხედულებას იღებს, რომ მე ვარ, სხვა არავინო, ყველა მე უნდა მემსახუროს და არა ქვეყანასო. ქვეყნის, ერის, იდეალის ხსენება თანდათან ქრება დიდში და პატარაში. დესპოტის სამსახური და ქვეყნის ან იდეალის სამსახური დიდად განსხვავდებიან ერთი-ერთმანეთისაგან” .ნიკოლაძე თვლის, რომ “ჩვენ ყველანი ერთობ ახლო ახლო ვიდექით აზიასთან, ერთობ ვემონებოდით მის მაგალითს, მის მომხიბვლელ და გამრყვნელ ხასიათს” (იქვე). ნიკოლაძე იმასაც მიუთითებს, რომ ევროპელი მთავარი, ევროპული წეს-წყობილება ენერგიას და ენთუზიაზმს მით აღვიძებს მსახურებში, რომ მამულის, იდეალის სარგებლობას ახსენებს. აზიის დესპოტს კი მარტო ოქროთი და ვერცხლით, მარტო თვალ-მარგალიტით შეეძლო წაეხალისებინა მისი მსახურები: “რაკი კაცს, თაობას, ერს უაღრესს წმინდა  -  წმინდათად ოქრო და თვალ-მარგალიტი ეძლევა, მსახურები მისი იქნებიან, ვინც უმეტესს დაჰპირდება, ესეიგი, დღეს ჩემი, ხვალ-სხვისი, ზეგ – გარაყანიძის და ბოლოს – გარეშე მტრის. აი, ორი უაღრესი, უძლეველი მიზეზი ბიზანტიური ხასიათის მავნებლობისა და ორივე ცარიელ პირადობაზეა დამყარებული: პირადი მოქმედება, პირადი მიზანი, პირადი სიხარბე.

რაღა ფიქრი და ლარი უნდა, რომ ამ წესით მართული ქვეყანა ვერასოდეს ვერ მიეწეოდა იმ ქვეყნებს, სადაც წინააღმდეგი წესი სუფევდა: საერთო, საზოგადო, საერო დაწესებულება ქვეყნის სამსახურის გასაწევად, ქვეყნის სიმართლის და სიკეთის დასაცველად” .

ნიკოლაძის საბოლოო დასკვნით, ვინაიდან ბიზანტიური (აზიური) მმართველობა ბოჭავს, ხუნდებს ადებს, გასაქანს არ აძლევს თავისუფალ აზრს, ცოდნა-განათლებას, მეცნიერება-ტექნიკას, იგი უვარგისია და ახლით შეცვლას მოითხოვს. ეს ახალი კი არის მმართველობის და საზოგადოების მოწყობის ევროპული წესი.

საერთოდ კი ნიკო ნიკოლაძე უპირატესობას ანიჭებდა საზოგადოებრივი განვითარების ევროპული მოდელის შექმნას, რომელიც არა და არ შეიქმნა:

“როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, - წერდა იგი, მას რა მოერგება და მოუხდება საკუთარი სხეულის, აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია, ის მოძღვრება, რაც მას სჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება” .

დაპყრობილ და მრავალუბედურებაგადატანილ ქართველ ერს იმჟამად არ შეეძლო განვითარების საკუთარი მოდელის თუ გზის შექმნა-გამოძებნა, ამიტომ იგი ხშირად კმაყოფილდებოდა სხვათა ბრმა წაბაძვით ან უცხოელთაგან ნასესხები საეჭვო თეორიებით: “რასაც პეტრე პირველმა – გენიოსმა – რუსეთი ძალით ვერ მიაჩვია, ჩვენში ერმოლოვმა – დიდმა და ჭკვიანმა ერმოლოვმა ვერ მოახერხა, ის რუსებს ეკატერინემ და ქართველებს ვორონცოვმა ალერსით თუ ოსტატობით შეაპარა. შეაპარა ბრმა, მაიმუნური გარეგანი წაბაძვა უცხო ქვეყნების ზნისა და ცხოვრების”– მიუთითებდა ნიკოლაძე.

მხარს უჭერდა რა განვითარების ეროვნულ გზას უცხოური დადებითი გამოცდილების გამოყენების გათვალისწინებით, ნიკოლაძე თვლიდა, რომ ეს მოდელი ადგილობრივ მკვიდრებს უნდა შეემუშავებინათ და არა უცხოელს, ქართული სპეციფიკის და რეალობის არმცოდნეს, რომელსაც, შეუძლებელია ჩვენი ქვეყნისათვის ზუსტად მისადაგებული რეცეპტი მოენახა: “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისინიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებენ და არა ადამიანისას... უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს” ასეთი ძიძები გვაჩეჩებდნენ ბოლშევიკურ, სოციალ-დემოკრატიულ იდეოლოგიას, გვაჩეჩებენ დღესაც სხვადასხვა გლობალისტურ და კოსმოპოლიტურ, ნეოლიბერალურ თეორიებს)].

ქართველი ხალხის ნორმალური განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ მიზეზად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა ეროვნული ნიჰილიზმის გამოვლინებას. საკუთარი თავის და საკუთარი მომავლის მიმართ სკეპსისს, დაეჭვებას, საკუთარი ძალის ურწმუნოებას საქართველოში დიდი ხნის ისტორია ჰქონდა. განსაკუთრებით XVII საუკუნიდან, როცა ქართულ სამეფოებს და ქართველ ხალხს გასპარსება და გაოსმალება დაემუქრა.

არისტოკრატიისა და ელიტის დიდი ნაწილის გადაგვარებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავა, განსაკუთრებით რუსეთის გიგანტური იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ. როგორც ყველა დამპყრობელი, რუსებიც ხელს უწყობდნენ ქართველ ნიჰილისტებს და კოსმოპოლიტებს. ეროვნული ნიჰილიზმი ახასიათებდა არა მარტო არისტოკრატიის წარმომადგენლებს (გ. მუხრან-ბატონი), არამედ ხალხოსნების (ივ.ჯაბადარის წერილები “პისმო ო გრუზიი”) და სოციალ-დემოკრატების დიდ ნაწილს, ინტელიგენციას, მწერალთა ნაწილს. მიხეილ ჯავახიშვილი თავის შესანიშნავ ნარკვევში “მასალები ლექციისთვის” (ტ.VI, 1980 წ.) წარმოაჩენს და შემდგომ აკრიტიკებს პოეტ ნიკოლო მიწიშვილის სკეპსისს და ნიჰილისტურ განწყობას საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ: “იქ (საქართველოში) მე ღვთის ხელს ვერ ვნახულობ. ჩვენი არსებობა დაცინვაა განგებისა ჩვენს თავზე. ჩვენშია ჩამჯდარი ლომი და რწყილი, ეშმაკი და ანგელოზი, ნიჭი და ყიყვი... არის რაღაც შეკოწიწებული და გადაყრილი, მიბნეულ-მობნეული. ხერხემალს ქართული იდეისა მე ვერ ვპოულობ, და ვერც აზრს საქართველოისას წარსულში... ორიათასი წლის განმავლობაში მე ვერ ვხედავ ამას (“ნათლის სვეტს”, “ჯვარს”) და მეეჭვება თვით რუსთაველიც, თუ ის ჩვენი ცხოვრებისგანაა – უსათუოდ გაუგებრობაა ის, თუ არა და – ან რუსთაველი არაა ქართველი, ან და მისი პოემა ადვილად ნაშოვნია სადმე... საქართველო პასიური მოვლენაა...

საკუთარ, შინაგან აქტივობას მოკლებული იყო საქართველო, და მოკლებული იყო, მაშასადამე, შემოქმედების გენიასაც. მოკლებულია აქედან გამართლებას, მსოფლიო გამართლებას, საკუთარ რელიგიას, მოწოდებას, აზრს, შინაარსს, ამითია, რომ მშრალია და ფუყე საქართველო. აქედანაა მისი “უშვილოსნობა” თუ ბერწობა, ამის შედეგია, ჩემის ფიქრით, სიმჩატე ქართველი არსებისა, ქართული ჭკუისა, განწირვა ქართული ხელოვნების, პოეზიის. მე მგონია, ესაა მიზეზი იმისა, რომ ყველაფერი ქართული უდღეოა, რომ ქართული ბედი სწყდება და სტყდება ყოველთვის შუა გზაზე, დაუმთავრებელი, მიუღწეველი” .აბათილებს რა ნიკოლო მიწიშვილის ამ ნიჰილისტურ პასაჟს, მიხეილ ჯავახიშვილი მიუთითებს, რომ ასეთი მიდგომა დამანგრეველ შედეგებს მოიტანს ნებისმიერი ერისთვის: “ ტყვილად კი არ ამბობენ ფრანგები : თვითრწმენა გამარჯვების ნახევარიაო. იგივე ითქმის სოციალურ ფსიქიკაზედაც. თუ დააჯერეთ ხალხი, რომ არც მისი წინაპარნი ვარგებულან, არც თვითონ აქვს რამე და არც იმის ჩამომავლობა შეჰქმნის რასმეს თვალსაჩინოს, თუ გამოაცალეთ თავისივე თავის რწმენა და მოუშალეთ იმედი – ასეთი ხალხი წარსულია, მისი დღენი დათვლილია. ისიც ამ ერთ პიროვნებასავით მალე მოიშლება, მოიღუნება და შეებმება აღმოსავლურ უღელში: გარინდება, ნირვანა, პასიურობა, ბედის მორჩილება – აი, მისი მომავალი” .

მიხეილ ჯავახიშვილი აქვე მიუთითებს, რომ ჩვენი წარსული ზოგჯერ მართლა საზარელია: ურთიერთის ჭამა და მუხანათობა, ღალატი და მზაკვრობა, “ყიყვი და ეშმაკი”, მაგრამ ამის გამო ჩვენი წარსულისა და საკუთარი თავის დაფასების დროს საღი მსჯელობის უნარი არ უნდა დავკარგოთ და უკიდურესობაში არ უნდა ჩავვარდეთ: “გავიხსენოთ და დავიხსომოთ ბუნების ერთი კანონი, რომელსაც ვერავინ გაექცევა: დავრდომილის, დამარცხებულის სხეულში და ტანზედაც მუდამ ჩნდება ათასნაირი შხამიანი ბაცილა, მუწუკი და ჭირი. ჩვენი შინაური რღვევა და აღრევაც, მზაკვრობა და მუხანათობაც, “ყიყვი და ეშმაკი” მუდამ შედეგი იყო ჩვენი დამარცხებისა გარეშე მტრისაგან. ძარღვგადაჭრილი, იმედდაკარგული და გამწარებული ორგანიზმი იწყებს საკუთარივე თავის ღრღნას და ჭამას. ამიტომ მოსდევდა ხოლმე ჩვენს დამარცხებას ანარქია, სიმშილი, ეპიდემია, ზნეობრივი გახრწნა, განდგომა, კონდოტიერობა და დაშლა პროვინციებად, გამარჯვებული მუდამ ხელს უწყობს ამას: შლის, არღვევს, აქეზებს, ერთმანეთზე უსევს და ამრავლებს :ყიყვს და ეშმაკს”. და ჩვენს ისტორიაში წითელი ზოლებივით მოჩანს გამარჯვებული მტრის მომუშავე მკლავი. ამით, მხოლოდ ამით აიხნება, რომ საქართველო თითქმის მუდამ დაქსაქსული იყო” .

საბოლოოდ მიხეილ ჯავახიშვილი დაასკვნის, რომ “რიდი, მორცხვობა, ურწმუნოება საკუთარი ძალების –ასეთია ბუნებრივი ფსიქიკა პატარა ხალხის და ამ კანონს ვერც ჩვენ წაუვალთ”.

 როგორც ზემოთ აღინიშნა, ნიკო ნიკოლაძე მიუთითებდა, რომ საქართველოში ყოველი ახალი თაობა წინამორბედთა ნაღვაწს და მონაპოვარს უარყოფდა, საქმეს თავიდან იწყებდა. ეს თავის მხრივ ძალზე ართულებდა ერის გამოხსნის და გადარჩენის პრობლემას: “ერის შველა ხანგრძლივ, მრავალმხროვანს მეცნიერულ მზადებას თხოულობს, მაგრამ ერთი თაობა რომ ამას იგნებს მწარე გამოცდილებით, მეორე, ახალი, ისევ ძველი გზით ძველ შეცდომებს იმეორებს, ირლანდიულ მელოდიებს მღერის, სანამ საკუთარი ცდით არ გაიცნობს ადვილათ ნასწავლი ფორმულების ამაოებას. ასე ჩვენი ინტელიგენციის  სხვა და სხვა მოდგმა, ყველა ცალ-ცალკე, ტრიალა გალიაში ჩამწყვდეულ თრითინასავით, ნიადაგ ერთი და იმავე წერტილზე ფხაკურობს. საბრალოს კი ჰგონია, ვითომ მიუწვდომელი სისწრაფით წინ მიდის” .

საზოგადოებრივი აზრის თანმიმდევრული და უწყვეტი განვითარება, - ნიკოლაძის აზრით, აუცილებლობას წარმოადგენდა, რომლის გარეშე თაობათა შრომა შედეგს არ მოიტანდა: “საზოგადოებისა და ლიტერატურის ნორმალური ზრდის დროს ყოველი ახალი თაობა იმით არის უფრო ნაყოფიერი წინამორბედზე, რომ პირველი ნაბიჯისთანავე სარგებლობს წინაპრების შრომის ნაყოფით. მომარაგებულია იმათი დაგროვილი ცოდნით, გამდიდრებულია იმათი მემკვიდრეობით და შემდგომ გზას იწყებს იმ პუნქტიდან, სანამდეც მამაებმა მიაღწიეს. ასეა ცივილიზებულ ადამიანებში (მერე ილიამაც იგივე გაიმეორა, რომ “შვილმა უნდა იცოდეს სად გაჩერდა მამა, რომ იქიდან დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა” – ვ.შ.). წერა-კითხვის უცოდინარ ველურებში კი ყოველი ახალი თაობა ასპარეზზე ტიტველი, დედიშობილა გამოდის, სრულებით უცოდინარი წინაპართა საქმეების, ამოცანების და გამოცდილებისა. გამოდის მხოლოდ იმ ღატაკი მარაგით არეულ-დარეული ცნებებისა, რაც ზეპირგადმოცემით ერგოთ მამებთან საუბრებში თუ უფრო მეტად ბებიების ზღაპრებით. ამის შემდეგ მათ არ აქვთ და არც შეიძლება ჰქონდეთ მემკვიდრეობითი პროგრესი” .

საქართველოს ნორმალური განვითარების ერთ-ერთ უდიდეს შემაფერხებლად ნიკო ნიკოლაძე თვლიდა მეტისმეტ რადიკალიზმს და უკიდურესობათა გამოვლინებას, ზომიერების დეფიციტს, კლასობრივი ბრძოლის მეტისმეტ გამწვავებას და მცირე ძალებით გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგესთან უაზრო შებმას რევოლუციური იდეებისთვის.

რა მეთოდებით უნდა მომხდარიყო რადიკალიზმის განეიტრალება და როგორი ტიპის ლიდერი უნდა წაძღოლოდა წინ ერს თავისუფლებისა და ეროვნულ მოთხოვნათა განხორციელებისათვის ბრძოლაში, ნიკო ნიკოლაძემ კარგად დაასაბუთა 1894 წელს ჟურნალ “მოამბე”-ში დაბეჭდილ ბრწყინვალე ანალიტიკურ ნარკვევში “კოშუთი და დეაკი” .

ნიკოლაძე თვლიდა, რომ ამ ორი ცნობილი უნგრელის დიდი გამოცდილება სახელმძღვანელო უნდა ყოფილიყო ქართველობისათვის სხვადასხვა ისტორიული და საზოგადოებრივი მოვლენების ახსნისა და შეფასების დროს. ლაპარაკია ორ სხვადასხვა ტაქტიკაზე ქვეყნის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის და სუვერენიტეტის მოპოვების პროცესში:

უნგრელი ხალხის დიდი პატრიოტი და გამოჩენილი მოღვაწე ლაიოშ კოშუთი უნგრეთის თავისუფლების მოპოვებას ცდილობდა იარაღით და ბრძოლით, იბრძოდა თავდაუზოგავად, მაგრამ მწარედ დამარცხდა. უნგრელთა მიერ გაღებული დიდი მსხვერპლი ამაო აღმოჩნდა (მარტო 26 წლის შანდორ პეტეფის სიკვდილი რად ჭირდა, იგი ბრძოლაში მოკლეს 1849  წელს). უნგრეთის ბატონად ისევ ავსტრია დარჩა. დამარცხებულმა კოშუთმა სამშობლო იძულებით დატოვა და ემიგრაციაში წავიდა. მისმა ტაქტიკამ მარცხი განიცადა.

კოშუთის შეუიგებელი მოწინააღმდეგე იყო ასევე ცნობილი უნგრელი მოღვაწე, რეფორმების მომხრე ფერენც დეაკი. იგი შორს იყო რადიკალიზმისაგან და გონივრულ და ზომიერ ტაქტიკას ადგა: “დეაკი და მისი პარტია მტკიცედ იცავდა უნგრეთის ერთობას ჰაბსბურგებთან და ჰქადაგებდა – მუდამ ერთგულნი უნდა ვიქნეთ ჩვენი ძველი კავშირისაო. ადრე თუ გვიან ჩვენი სიმართლე გასჭრის, ჰაბსბურგები ჭკუაში ჩავარდებიან და ჩვენ ჩვენსას მოგვანიჭებენო. ჩვენი სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს ენაზე სამართალი და მმართველობა წარმოებდეს, ჩვენ საკუთარი ჯარი და ფინანსები გვქონდეს, ჩვენი არჩეული კანონმდებლობა, პარლამენტი და სამინისტრო. ჩვენი მეფე ჩვენს სატახტო ქალაქში, პეშტში უნდა გვირგვინდებოდეს წმინდა სტეფანეს გვირგვინითაო. ამას ყველაფერს, ადრე თუ გვიან, უთუოდ ვეღირსებით, თუკი ჩვენს სიმართლეს არ გადავუდგებით და კანონიერი გზით, მარტო კანონების საშუალებით ვეძიებთ ჩვენის უფლებების აღდგენასო”.

საბოლოო ჯამში დეაკის კომპრომისულმა, ზომიერმა და მშვიდობიანმა 17-წლიანმა ტაქტიკამ უნგრეთს ყველაფერი ის უსისხლოდ მოეპოვებინა, რასაც კოშუთმა სისხლისა და აჯანყების გზით ვერ მიაღწია წინა წლებში (1849 წლის მარტის მერე, როცა რუსეთი 130 ათასკაციანი არმიით მიეხმარა უნგრეთს პასკევიჩის მეთაურობით, ავსტრიელებმა ასობით უნგრელი მეთაური, მებრძოლი პატრიოტი, მწერალი, პოეტი, მხატვარი თუ სწავლული ჩამოახრჩვეს. გადარჩა მხოლოდ კოშუთი თავისი რაზმით).

ნიკო ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ რუსეთთან ურთიერთობაში საქართველოს თითქმის ისეთივე ტაქტიკა და ისეთნაირი ლიდერი სჭირდებოდა, როგორიც იყო ფერენც დეაკი.

ამიტომაც ჩააგონებდა იგი ქართველობას, რომ “სანამ სურვილს გამოთქვამდე, აწონ-დაწონილი უნდა გქონდეს თავისი და მოპირდაპირის გარემოება, რომ სირცხვილში არ ჩავარდე, რაც გაბადია, ისიც არ დაკარგო”  რომ “დროა ჩვენც ავიხილოთ თვალი სინამდვილეზე, სიზმრის თვალთმაქცობისაგან თავი ვიხსნათ, იმის გარჩევა ვისწავლოთ, თუ ჩვენს გარშემო რა ამბავია, რა ნამდვილი წამალი უშველის ჩვენს ჭირს? თვალიწვდენელ ოცნებას ეს მცირე ამაგი სჯობია” . საბოლოოდ ნიკოლაძე სრულიად რეალისტურ და პრაგმატულ დასკვნას აყალიბებს:

“გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას, თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების საშუალებათა იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხს (ე.ი. დამოუკიდებლობის – ვ.შ.) საწყვეტად”.

რამდენად შესაბამისნი იყვნენ საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნგრეთის ლიდერებთან? ნიკოლაძე თვლიდა, რომ ჩვენში არსებული პოლიტიკური პარტიების  ლიდერები არაკომპეტენტური და რადიკალი ადამიანები არიან, უკიდურესობების მხარდამჭერი: “უკიდურესობის მომხრე ვერსად ასცილდება სოციალ-დემოკრატიის გავლენას, ცხოვრება მარტო ამ პარტიას აწოდებს თავდაუზოგავი ბრძოლის მასალად: მუშას, უქონებო, უიმედო ხალხს, რომელსაც დასაკარგავი არა აქვს – რა და ყოველი ნაძალადევი მოგებას უქადის. ქართველობის მიზნები კი მარტო ზომიერების გზით მიიწევნება... ქართველობის საქმე  მარტო ლოიალურ ნიადაგზე იქნება დაცული. მას საძალადო სრულიად არა აქვს რა .ნიკოლაძე იქვე იმასაც განმარტავს, თუ სადამდეა მოსათმენი უკიდურესობა: “უკიდურესობა მარტო მანამდეა შესანდობი, სანამ ხალხის დაბალი, უმეცარი წრეების ღვიძებას, წვრთნას, ამაღლებას ემსახურება, სანამ მოსამზადებელი შკოლის როლს ასრულებს ერის პოლიტიკურ ზრდაში, ისიც იმ პირობით, თუ მოწაფეს საყასპოსკენ არ იტყუებს (დარწმუნებული ვარ, რომ მოსწრებოდა, ანალოგიურად შეაფასებდა ნიკოლაძე 1989 წლის 9 აპრილის ხოცვა-ჟლეტას თბილისში, რომელიც მოაწყეს საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ორგანოებმა – ვ.შ.)... სულ სხვაა უკიდურესობის ატანა საზოგადოების მაღალ წრეებში, რომელთ დანიშნულებაა ქვეყანას ჭკუით, ცოდნით, ზნეობით ემსახურონ, და არა მუსკულებით. ამ წრეების უკიდურესობა ნიშანია, რომ ღირსი არ ყოფილან მაღალი დანიშნულებისა, ხალხს უთავოდ სტოვებენ. მათი უკიდურესი მიმართულება ერს ამდაბლებს, კიდეც რყვნის, რადგანაც პოზა, ტყუება მალვაა საკუთარი უვარგისობის” .

ნიკო ნიკოლაძე მიუთითებს, რომ სამი მტერი ჰყავსო ქართულ განვითარება. ერთი საკუთარი მწერლობის აზრის სივიწროვე, თუ ინერცია. მარტო ის სწამს და ახსოვს, რასაც დიდი ხანია შეჩვევია: “დედა-ენის მეტი თუ რამ სჭირია ერს, ბევრს როდი ესმის. მეორე უბედურება ის გვჭირს, რომ ოჯახი, შკოლა ჯერ როდი გვაძლევს საკმაო მომზადებას. ამის გამო სხვის ლიტერატურაშიაც უფრო მჩატეს, შემცდარს, შეშლილსა და უვიც მწერლებს ვეწაფებით, ვიდრე თანამედროვე ცოდნით დაიარაღებულს. მესამე, ორივეზე უფრო მძიმე გასაჭირი ისაა, რომ ვისაც ჩვენში ღირსებია ნამდვილი განათლების, სწორე ცოდნის, შეძენა, ის როდი ეკარება ჩვენს მწერლობას, ან ჩვენს საზოგადო საქმეებს. ამ მიზეზით ესენი თითქმის ერთიანად ერთობ დაუმზადებელ :მეთაურების” ხელშია” .სწორედ ამით შეიძლება აიხსნას ის ამბავი, რომ ნამდვილი ავტორიტეტები და ლიდერები ჩრდილში რჩებიან ყოველთვის: “ მოდიოდნენ ჩვენში მეთავურად ვიღაც სრულიად უცნობი და უზრდელი კინტოები. არავინ იცოდა, თუ ვინ იყვნენ, საიდან მოსული, რა რჯულის ან აზრის, სახელი რა ერქვათ, გვარი მათი რა იყო, როგორი წარსული ჰქონდათ. “ამბოხება დავიწყოთო”, დაიძახებდნენ და ყველა მათ გაჰყვებოდა, თითქოს თხას ცხვრის ფარა. ჭკუაში არავის მოსვლია, მოუთხოვია მათგან ან ახსნა, ან ცოდნა, ან სიმტკიცე. იფარფაშებდნენ, სანამ გასაჭირი არ მოახლოვდებოდა და მაშინ კი მოქუსლავდნენ და გაჰქრებოდნენ. გინახავთ სადმე სხვა ერი, ასე მჩატედ რომ გაჰყოლოდეს პროვოკატორს” .

(პირველი ნაწილის დასასრული)