სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

სემეკის ორგანიზებით ელექტროენერგეტიკის სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ინიციატივითა და ორგანიზებით ელექტროენერგეტიკულ სექტორში რეფორმის მიმდინარეობაზე კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა. 

კონფერენციაზე დეტალურად განიხილეს  ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე არსებული სიახლეები, რომელიც პირველი ივლისიდან ამოქმედდება. ასევე, იმსჯელეს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ცვლილებებზე. 

„დღეს ვიმსჯელეთ ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე. ჩვენი მიზანია, რომ ყველა აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხზე მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური და დროული ინფორმირება. სემეკმა შეასრულა ყველა ნაკისრი ვალდებულება, განსაზღვრულ ვადებში შეიმუშავა და მიიღო ყველა საჭირო ნორმატიული აქტი, რამაც ხელი შეუწყო რიგი სიახლეების ამოქმედებასა და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას. 

პირველი ივლისიდან გვექნება მნიშვნელოვანი სიახლე, კერძოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის კომუნალური მომსახურების კომპანიები იცვლება. მათ ელექტროენერგიას მიაწვდიან საქართველოს მთავრობის მიერ დასახელებული უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლები. თბილისის მოსახლეობას „თელასის“ ნაცვლად ელექტროენერგიას მიაწვდის „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო რეგიონის მოსახლეობას „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ნაცვლად „ეპ ჯორჯია მიწოდება“ მოემსახურება. მოსახლეობისთვის უნდა განვმარტოთ, რომ მათთვის არ იცვლება  სამომხმარებლო ტარიფი, იცვლება მხოლოდ  კომუნალური მომსახურების კომპანია.  რაც შეეხება საბითუმო ბაზარს, აქაც აქტიურ ფაზაში ვართ. ენერგეტიკული ბირჟა 2022 წლის იანვრიდან ამოქმედდება“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.  

კონფერენციას ესწრებოდნენ სემეკის წევრები - გიორგი ფანგანი, გოჩა შონია, მაია მელიქიძე, გიორგი ფრუიძე, სამთავრობო უწყებების, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების, ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, არასამთავრობო სექტორის, მედიის წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები.   პრეზენტაციები წარადგინეს სემეკის წარმომადგენლებმა - სალომე ჯანელიძემ და ნიკოლოზ სუმბაძემ,  ელექტროენერგიის გამანაწილებელი და მიმწოდებელი კომპანიების, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის წარმომადგენლებმა და ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა ირინა მილორავამ.