მამუკა ხაზარაძე: როგორც კი შენობის სტრუქტურაში ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, ბარსელონას

მამუკა ხაზარაძე: როგორც კი შენობის სტრუქტურაში ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, ბარსელონას

როგორც კი შენობის სტრუქტურაში ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, ბარსელონას, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძემ „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, იკვეთება კორუფციული ინტერესი და აღნიშნა, რომ საჭიროა, კანონის პარლამენტიდან გაწვევა.

ხაზარაძის თქმით, ის ჯერ კიდევ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განხილვის დროს აკრიტიკებდა კანონპროექტს.

„რამდენიმე დღის წინ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე მაია ბითაძემ წარმოადგინა „სამშენებლო ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი. დავსვი რამდენიმე კითხვა და მინდა, დავაფიქსირო, რომ მხარს ვუჭერ ამნისტიის იმ ნაწილს, რომელიც ეხება ჩვენს მოქალაქეებს. რადგან ძალიან ბევრი რეგულაციის, პრობლემის გამო, ამ ადამიანებმა სხვა გზა ვერ იპოვეს და თავიანთი საცხოვრებელი პირობები, შეიძლება, ზოგ შემთხვევაში კანონის დარღვევით განახორციელეს. ამიტომ, ამაზე სპეკულაცია რომ არ იყოს, როგორც კომიტეტზე განვაცხადე, ახლაც ვაცხადებ, რომ ამ მხრივ, მე მხარს ვუჭერ.

თუმცა, იქვე აღვნიშნე და სამწუხაროა, რომ დღეს სესიაზე გამოდის ეს საკითხი, იმ კითხვების პასუხის მიუღებლობისდა მიუხედავად, რა კითხვებიც დავსვი. მინდა, გავიმეორო.

მოვითხოვე, რომ კომიტეტს და ყველას გვქონოდა სრული ინფორმაცია, თუნდაც პირველი 50 ან 100 დეველოპერული კომპანიის, რომელმაც კანონი უხეშად დაარღვია და რომელმაც რეკრეაციულ ზონაში უკანონოდ ააშენა, დაამატა სართულები, გადააჭარბა იმ ნორმებს, რომელიც კანონით არ ეკუთვნოდა. ძალიან ლეგიტიმურად მოვითხოვე, თუნდაც იმ 50 კომპანიის ჩამონათვალი, თუ როგორ დაჯარიმდა, ამნისტიის შემთხვევაში, რა ზარალს მიიღებს ბიუჯეტი. ან თუ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა ვაპატიოთ, მაშინ გასაგებია, გვეცოდინება, რომ უნდა შემოსულიყო ბიუჯეტში 100 მილიონი, მეორე კითხვა დაისმეოდა, რას აკეთებდა ქალაქის მერი, ზედამხედველობის სამსახური და ასევე იყო კითხვა, რა ჩამკეტი მექანიზმი არსებობს, რათა მომავალში მსგავსი რამ არ განხორციელდეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ამასთან, მამუკა ხაზარაძემ უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა.

„თბილისი ხომ ყველას გვიყვარს, მინიმუმ ერთი სადღეგრძელო ხომ გვითქვამს თბილისთან დაკავშირებით. რვა წელი, როცა „ქართული ოცნება“ და გული რომ არ კიდევ ცხრა წელი, როცა თბილისის „არტერიები“ და „ძარღვი“ ინგრეოდა, ვინ გააჩერა და ვის ეყო პოლიტიკური ნება, თუნდაც 2008 წელს, 2014 ან 2018 წელს გაცემული ნებართვები გაჩერებულიყო და ზედამხედველობას, ეს ყველაფერი პოლიტიკური გადაწყვეტილებით გაეჩერებინა. მაოცებს ერთი რამ, რადგან ამ ქალაქს აქვს მეხსიერება. ქალაქი შედგება ადამიანებისა და შენობებისგან. როგორც კი ჩვენ შენობის სტრუქტურაში ქალაქის „ძარღვებს“ ნგრევას ვუწყებთ, მაშინ ნუ გაგვიკვირდება, რატომ არ ვგავართ პარიზს, სადაც დღესაც კი შეზღუდულია სიმაღლე, რატომ არ ვგავართ ბარსელონას. მინდა, ერთი რამ გითხრათ, „ქართული ოცნების“ დეპუტატების გასაგონად, აქვე მინდა, მაია ბითაძეს ვუთხრა, ეს არ არის კოლეგიალობა. რა აზრი აქვს ჩემს გამოსვლას ან ნებისმიერი კოლეგის გამოსვლას, როცა საკითხს ვაყენებთ და პასუხს ვერ ვიღებთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს.

„თქვენი ცენტრალური ოფისის გვერდზე, სადაც თქვენ ხშირად იკრიბებით „ქართული ოცნება“ მაქვს მხედველობაში, შენდება შენობა. ეს არის ზემო კალა, ისტორიული უბანი და ეს უბანი არის დაცული ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან, ჯერ კიდევ ყავლაშვილის დროიდან. ამ დაცვის ყველაზე ძირითადი პარამეტრი არის სიმაღლე. თქვენი ოფისის გვერდზე მიმდინარეობს მშენებლობა ყოველგვარი ნებართვის გარეშე. მე არ ვიცი, ვინ უდგას ამას სათავეში, მაგრამ თქვენივე გაცემულ დასკვნაში წერია, რომ შენობა არის უკანონოდ აშენებული, პარამეტრების დარღვევით და ახლა კითხვა მაქვს, როცა თქვენ იკრიბებით პოლიტსაბჭოს ან უმრავლესობის შეხვედრებზე, ეს არ გაწუხებთ? 200 კვ.მ დამატებითი ფართის გამო, რატომ უნდა მისცეს ვინმემ თავს უფლება, პრეცედენტი შექმნას, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში უბრალოდ 200 კვადრატული მეტრით ააშენოს, რადგან მერე უფრო მეტი სარგებელი ნახოს.

ქალაქში კონკურენცია, ბიზნესი, ინვესტიცია შემოდის მაშინ, როცა არის თანაბარი პირობები და არ არის გამონაკლისი. ეს ადამიანი, რომელიც აშენებს ამ შენობას და თქვენ ძალიან კარგად იცით ამ პროექტის შესახებ, ამ ამნისტიის კანონის შესაბამისად, მიმართავს თქვენს ზედამხედველობას და აი, ეს სიმახინჯე აშენდება, დაკანონდება.

როგორი ქალაქი გვინდა, დაფიქრებულხართ? ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ, იკვეთება ძალიან დიდი კორუფციული ინტერესი, რადგან თქვენ ზოგადად აკეთებთ ამნისტიას ისე, რომ ხალხის არჩეულ დეპუტატებს, მოსახლეობას, თბილისის მოქალაქეებს არ ეუბნებით, ვინ დაურღვია ამ ქალაქს სტრუქტურა, ვინ იძალადა ქალაქზე, ადამიანზე. ეს არის ძალადობა. როცა მეზობელს უჭრით ხეს, რომელიც შეიძლება, შენი შშობლების პაემნის, პირველი შეხვედრის ადგილი იყო, მას უკლავთ მეხსიერებას. ამ შემთხვევაში, შენ ანგრევ გაცილებით მეტს, შენი შვილებისთვის, შენი მომავლისთვის, შენი ქალაქისთვის. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს. ეს კანონი ახლა, როგორც არის წარმოდგენილი, პირდაპირ გეუბნებით, საჭიროებს გაწვევას, ამ ფაქტების მოძიებას, ვინ არის ის 50 ან 100 კომპანია, რომ ვიცოდეთ მაინც, ვის ვპატიობთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.