ირაკლი ქადაგიშვილი:  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღსრულების პროცესში სირთულეები აქვთ და „ნაცმოძრაობის

ირაკლი ქადაგიშვილი:  მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღსრულების პროცესში სირთულეები აქვთ და „ნაცმოძრაობის" წინაშე კომპლექსი მოხსნილი არ აქვთ

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდმა ნაწილმა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა, აღსრულების პროცესში გარკვეული სირთულეები აქვთ და „ნაციონალური მოძრაობის" წინაშე კომპლექსი მოხსნილი არ აქვთ,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამნისტიის „ქართული ოცნების" ვერსია მთლიანად ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.

„ჩვენი ცვლილებებით პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება სახელმწიფო და პოლიტიკური თანამდებობის პირები, რომელთაც ისეთი კონვენციური მუხლები დაარღვიეს, როგორიც არის წამება, არაადამიანური მოპყრობა, განზრახ დაზიანება და ა.შ. ჩვენი ვერსიით ამნისტირებულ პირებს არ ეკისრებათ ვალდებულება, რომ თანხმობა თქვან ამნისტიის მიღებაზე. ამნისტია ავტომატურად ვრცელდება ყველაზე, შენარჩუნებულია უფლება პირის, რომელსაც შეიძლება ამნისტიის მიღება არ სურდეს და განაცხადოს უარი. ჩვენს პროექტში ასახულია ყველა ის პირობა, რომელიც ხელშეკრულებაში იყო ჩადებული. ოპოზიციამ ბოლომდე ვერ მოახერხა, რომ იმ პოლიტიკური მანკიერი წრიდან გამოსულიყვნენ, რომელშიც თავის დროზე, „ნაციონალური მოძრაობის" წაქეზებით იყვნენ,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.