ჭაობში კვლავაც რომ არ შევიდეთ, სანამ არ არის გვიან!

ჭაობში კვლავაც რომ არ შევიდეთ, სანამ არ არის გვიან!

„ყველაფერი ამაზრზენი, რაც კი ქვეყნად ხდება, გაუნათლებლობის შედეგია“(კონფუცი)

მმართველობის "იდეალური მოდელის” ძიებაში

დღეს არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, თუ რატომ არის, რომ ჩვენს პლანეტაზე მცხოვრები ერების ერთი ნაწილი "კეთილდღეობის ჭაობში“ იხრჩობა, უმრავლესობა კი სიზიფეს შრომით ამაოდ ებრძვის სიღატაკეს. ეს არის მმართველობითი სისტემის და სახელმწიფოს ადმინისტრაციული მართვის მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემები.

სახელმწიფოს მმართველობის ეფექტურობაზე და მის სრულყოფაზე მსჯელობა დასაბამს ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იღებს, მაგრამ ამ ნააზრევის პრაქტიკულად განხცორციელების ყველაზე იდეალურ მოდელს მაინც რომის რესპუბლიკა წარმოადგენს.

ძველი რომაელები გრძნობდნენ რა თავიანთ სახელმწიფოს თავისებურებას, მას სრულიად სამართლიანად, ყველაზე სრულყოფილად თვლიდნენ. პირველი მათ შორის იყო პოლიბიოსი (ჩვენს ერამდე 201-120 წწ.), წარმოშობით ბერძენი, რომელმაც ზედმიწევნით იცოდა პლატონისა და არისტოტელეს შეხედულებები სახელმწიფოს იდეალურ მმართველობაზე. მან მრავალი წელი იცხოვრა რომში და გახდა მისი მხურვალე თაყვანისმცემელი. პოლიბიოსმა შექმნა თეორია, რომელიც ხსნიდა, თუ რატომ ამაღლდა რომი სხვა ხალხებზე. მისი აზრით, რომში იყო მმართველობის ყველაზე საუკეთესო ფორმა - შერეული, რომელიც შეიცავდა დემოკრატიულსაც (სახალხო კრება), მონარქიულ პრინციპებსაც (კონსულები) და არისტოკრატიულსაც (სენატი). არც ერთი არ ჩაგრავდა მეორეს და ერთად აღებულნი ქმნიდნენ ჰარმონიულ მთლიანობას. რომაელებმა შექმნეს სახელმწიფო სისტემა, რომელშიც სხვადასხვა ორგანოებს, რომელთა ძალაუფლებაც არ იყო უსაზღვრო, შეეძლოთ ერთმანეთის გაკონტროლება, ეს კი დიდი წინაღობა იყო თვითმპყრობელობისათვის.

მმართველობის "იდეალური მოდელი”, რომელიც არა მარტო ტრადიციას თუ ქარიზმას, არამედ უწინარესად გონივრული წეს-კანონების სისტემას ემყარება, არ არის უცვლელი მოცემულობა.

დღეს, როდესაც დემოკრატია, პლურალიზმი მიიჩნევა ყველა კულტურისთვის უნივერსალურ და აბსოლუტურ ღირებულებად, სასურველია გვახსოვდეს ისიც, რომ დემოკრატია არ არის ისეთი ფენომენი, რაც ერთხელ დამკვიდრებული, შემდგომში თავისით არსებობს და საკუთარ საფუძვლებს ასაზრდოებს. ამიტომ მისადმი დამოკიდებულებაც არ უნდა იყოს ხისტი და ერთმნიშვნელოვანი.

ცნობილია, რომ პლატონს, როგორც პიროვნებას, ერთნაირად სძულდა დემოკრატიაც და ტირანიაც. მისი გაგება არ არის რთული თუნდაც იმიტომ, რომ დემოკრატია ჭეშმარიტების დადგენას კი არ ემსახურება, არამედ საზოგადოებაში კონსენსუსის მიღწევას.

ხალხი, მართალია ჰგრძნობს, - როგორც ილია ამბობს, - მაგრამ ხშირადაც მოხდება ხოლმე, რომ ხალხი რასაცა ჰგრძნობს, იმას ვერა სცნობს და ვერ ამჩნევს სხვათა შორის. ხოლო შეუმცდარად რომ განსაჯოს ამისთვის დროა საჭირო, ზოგჯერ დიდი დროც. ამიტომ ბრძანებდა ილია "ხმები უნდა აიწონოს და არა დაითვალოს!

ნუ დაგვავიწყდება, რომ: დათვლილი ხმებით დემოკრატიულმა ათენმა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 399 წელს ყველა დროის უდიდეს მოაზროვნეს - სოკრატეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა...

დათვლილი ხმებით მოვიდა გასული საუკუნის 30-იან წლების გერმანიაში ფაშიზმი.

"დემოკრატიის შუქ-ჩრდილებზე“ საყოველთაოდ ცნობილია უინსტონ ჩერჩილის აზრი: "დემოკრატია არის მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმა, ხოლო მმართველობის ყველა სხვა ფორმა მასზე უარესია“.

ცხადია, რომ დემოკრატია ვერ იარსებებს მასზე და მის პრაქტიკებზე მუდმივი მსჯელობის გარეშე არა მარტო ახლადდემოკრატიზებად საზოგადოებაში, არამედ თვით დამკვიდრებული ლიბერალური დემოკრატიის შუაგულშიც. ამას მოწმობს ის, რომ დემოკრატიის არსის გააზრებას და მისი თეორიების განახლებას მუდმივად უბრუნდებიან დასავლეთის ყველაზე ღრმა თეორეტიკოსები და ფილოსოფოსები. თანამედროვე ეტაპზე ცალკეულ ერთა პოლიტიკური კულტურის (ფესვების) შესწავლა ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დემოკრატიზაციის პროცესთა ანალიზისას. რამდენადაც საქმე ეხება დემოკრატიისათვის აუცილებელ საჭირო კულტურულ წინამძღვართა ძიებას, რაც შეიძლება იქცეს მნიშვნელოვან ფაქტორად მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გეზის ახსნაში.

სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის სინამდვილისთვის მოვლენების განვითარება სულ სხვაგვარად მოხდა. რამაც ათქმევინა ლუკ ჰარდინგის შემდეგი სიტყვები: "საქართველო დემოკრატიას ითვისებს, მაგრამ საკუთარ წარსულს ანგრევს“.

ამიტომ, საუბარი ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტელიტაში განუწყვეტლივ იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს თუ როგორ "გადმოვნერგოთ“ დასავლური ფასეულობები ჩვენს ნიადაგზე, არამედ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეს ფასეულობები, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ კულტურაში როგორ ვეძიოთ.

მას კი, ისევე როგორც სახელმწიფო მოწყობის "იდეალურ მოდელს“ ყოველმა მოწინავე ერმა თავისი ისტორიული გამოცდილებით მიაგნო. მუსოლინის და ჰიტლერისგან განაწამებმა იტალიელებმა და გერმანელებმა უარი თქვეს მმართველობის ისეთ ფორმაზე, რომელიც ერთი კაცის გუნება-განწყობაზე იქნებოდა დამოკიდებული. მათთვის იდეალური აღმოჩნდა საპარლამენტო მოდელი.

გუსტავ-ადოლფებისა და კარლების ახირებებით დაუსრულებელ ომებში ჩათრეულმა შვედებმა თავის დაღწევა იმით შეძლეს, რომ ერთ დღესაც სამეფო ტახტზე ნაპოლეონის ყოფილი მარშალი, ფრანგი ბერნადოტი დასვეს, რომელსაც უფლებები შეუზღუდეს და სახელმწიფოებრივ ინტერესებს დაუქვემდებარეს. შედაგად კი მიიღეს ის, რომ მისი შთამომავალნი დღემდე ერთგულად ემსახურებიან შვედ ხალხს.

აქსიომაა ის, რომ სახელმწიფოს გარეშე არ არსებობს მოქალაქეობრიობა, ხოლო მოქალაქეობრიობის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. დემოკრატიის ჩამოსაყალიბებლად პირველი აუცილებელი პირობა არის ქვეყნის დამოუკიდებლობა და თანამედროვე სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ამიტომაც მიჩნეულია, რომ თავისუფალი, დემოკრატიული, ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა მრავალასპექტიანი პროცესია. იგი ითხოვს საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით, სახელმწიფოებრივი მმართველობის ისეთი მოდელის შექმნას, რომელიც ეროვნულ ნიადაგზე იქნება დაფუძნებული, როგორც საკუთარი პოლიტიკური კულტურის განვითარების შედეგი. საამისოდ კი აუცილებელია, როგორც საკუთარი, ისე მოწინავე დემოკრატიული ქვეყნების ისტორიული გამოცდილების არაერთი არსებითი მხარის შესწავლა და გათვალისწინება.

სახელმწიფოს ადმინისტრაციული მართვის ეფექტური მექანიზმი გულისხმობს სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი – ჩინოსნების პრივილეგიაზე (ძმაკაცობა, წარმოშობა, ფული) დაფუძნებული იერარქია, შეიცვალოს იერარქიით, რომლის შერჩევის საფუძველი იქნება პიროვნება, მისი ცოდნა, ბიოგრაფია, პროფესიული კვალიფიკაცია, პატიოსნება და უმთავრესზე უმთავრესი – პატრიოტიზმი. წავიდა ის დრო, როდესაც ონერე დე ბალზაკს შეეძლო ეთქვა: “ბიუროკრატია გოლიათური მექანიზმია, რომელსაც ჯუჯები მართავენ".

დღესდღეობით შეუძლებელი ხდება საჯარო მოხელეთა უბრალო ადმინისტრატორებად მიჩნევა - დღეს ისინი მთელი პოლიტიკური პროცესის საკვანძო ფიგურებს წარმოადგენენ და ზოგჯერ თავად სახელმწიფოსაც კი.

როდესაც ტრადიციისა და პრივილეგიის იდეები გაცვდა, დემოკრატიზაციის წნეხმა ხელი შეუწყო და ადგილი დაუთმო ღია კონკურენციას.

ჩვენი ქვეყნის ცხოვრების უმძიმესი წლების თვითმხილველთ და მონაწილეთ, შესაძლებლობა გვქონდა, გვეფიქრა, როგორც ჩვენს, ისე სხვათა წარმატებისა თუ წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზებზეც.

მე-17 საუკუნის ბოლოს, როდესაც ფრანგ ანატომსა და ფიზიოლოგს მარი ფრანსუა კრავიეს ჰკითხეს, განემარტა თუ რა არის სიცოცხლე, მან უპასუხა: "სიცოცხლე არის სიკვდილისათვის წინააღმდეგობის გაწევა“.

ქვეყნის ცხოვრების უმძიმესი წლების თვითმხილველთ და მონაწილეთ ბევრჯერ რომ გვინანია გაჩენის დღე, შეუძლებელია აღტაცებაში არ მოგიყვანოს ქართველი ერის სულიერი მხნეობის ძალამ. ასეთ დროს, როდესაც უძლური ხარ გადმოსცე ყველაფერი, რასაც გრძნობ და განიცდი, უნდა ინატრო იყო ხელოვანი, რომ შეძლო ისე თქვა სათქმელი, როგორც ამას დიად ეპოქათა სახელოვანი შვილნი აკეთებდნენ.

თუ ოქტომბრის ცნობილ მოვლენებამდე ჩვენი ახალგაზრდობის ყველაზე ამაღლებული ნაწილისთვისაც სამშობლოს გადამრჩენი გმირი არა თუ ეროვნული, არამედ ისევ ეკრანიდან მოვლენილი, ქვედა კაბითა და მძიმე მახვილით შეიარაღებული მელ გიბსონი იყო, ამჯერად ასეთი გმირი საზოგადოების თვით ყველაზე იმედდაკარგულმა წევრმაც კი საკუთარ თავში აღმოაჩინა. ამიტომ, დროა ბატონებო, ერთიანი, ძლიერი, საქართველოს მშენებლობა იმ ადამიანებმა დაიწყონ, რომლებსაც სჯერათ ამ ქვეყნის მომავლის და საკუთარი ერისრწმენა გააჩნიათ!

ქართველმა ერმა სიცოცხლისუნარიანობა არაერთხელ დაამტკიცა, ახლა რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ ათასგვარ წვრილმანებზე არ ვხარჯავდეთ იმდენ ენერგიას, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას მიიყვანდა უბრწყინვალეს შედეგებამდე, ჩვენ კი ხანგძლივი დროის განმავლობაში დამკვიდრებული პარაზიტული მმართველობითი სისტემის წყალობით, კვლავაც არ გავაგრძელოთ გმირული წინააღმდეგობა უბადრუკ ხვედრთან?

უნდა გვახსოვდეს და ამას "საყოველთაო კეთილდღეობის“ სახელმწიფოთა გამოცდილებაც გვეუბნება, რომ ჩვეულებრივ დემოკრატია იქ იმარჯვებს, სადაც სიუხვეა. ამიტომ ჩვენთვის მატერიალური სიდუხჭირის დროული დაძლევა როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური მნიშვნელობისაა.

კონკურენტუნარიანი გარემოსთვის!

გზის ძიებაში მყოფებმა დასაფიქრებლად და ჭკუის სასწავლებლად იქნებ კაცთა მოდგმის სხვა გამოცდილებასაც მოვუხმოთ. მაგალითად, ისტორიის ხვეულებში თანამედროვეობა ადვილად წაიკითხავს თუ როგორ ხდებოდა განსაკუთრებული "ადამიანური“ ტალანტით დაჯილდოვებულთა შემჩნევა და დაწინაურება. რაც, რა თქმა უნდა, მთლიანად სელექციონერთა ნიჭსა და უნარზე იყო დამოკიდებული. "მითხარი ვინ დგას შენს გვერდით და გეტყვი ვინ ხარ შენ“!

ეს შეგონება ჭკვიან ადამიანებს არ სჭირდებათ, ეს იმ სულელთა გასაგონად არის ნათქვამი, ჭკვიანის შიშით გვერდში ბრიყვებს რომ იყენებენ დღენიადაგ.

მაგრამ, ამჯერად თვალისთვის უხილავ იმ ძალაზე ვისაუბროთ, რომელიც სხვებისთვის შეუმჩნეველ ადამიანებსაც კი დევგმირებად რომ ხდის.

"ის ჯარისკაცი რა ჯარისკაცია, ვინც გენერლობაზე არ ოცნებობს“ - ნაპოლეონის ეს სიტყვები მის თითოეულ მეომარს ახსოვდა.

ფრანგი ისტორიკოსები, საგულდაგულოდ სწავლობდნენ იმ პირობებს, რომლებიც ნაპოლეონის წარმატებებს განაპირობებდა, ამ ძიების პროცესში თავადვე არაერთი საყურადღებო აღმოჩენის მომსწრენიც გახდნენ. მათივე დაკვირვებით, თუ პრუსიელი ჯარისკაცი ფიზიკურად გაცილებით უფრო უკეთ იყო მომზადებული, ვიდრე ფრანგი ეს პირდაპირ ბრძოლის შედეგზე არ აისახებოდა. პრუსიელები ფრანგებთან ყოველთვის მარცხდებოდნენ.

ასეთ დროს, ბუნებრივია, დაგებადოს კითხვა კი მაგრამ ამას რა ძალა განაპირობებდა? მაგალითისთვის ბევრჯერ მოუყვანიათ ნაპოლეონის გენერლის დეზეს მაგალითი. მარენგოს ბრძოლის დროს მას მოწინააღმდეგემ ოთხჯერ მოუკლა ცხენი, ის კი ახალი შემართებით ისევ ბრძოლის შუაგულისკენ მიიწევდა. მართალია, მის მეგობრებს მისი სიმამაცე არ გაკვირვებიათ, მაგრამ იმ დღეს ეს მაინც ზღვარგადასული თავგანწირვა იყო. მათ კითხვაზე თუ საკუთარ სიცოცხლეს ასე რატომ იმეტებდა, დეზემ უპასუხა: "კიდევ ერთი გამარჯვება და ნაპოლეონი მე ჰერცოგს გამხდის“-ო.

ნაპოლეონის ეპოქის რიგითი მეაფთიაქეც კი მთელი დღე დახლთან მდგომი წამლებს რომ ჰყიდდა, ღამე წუთითაც კი არ ისვენებდა. ცდებს განუწყვეტლივ ატარებდა ახალი პრეპარატის შექმნის იმედით, რადგან იცოდა, რომ მისი შრომა ნაპოლეონს შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და მას აუცილებლად საპატიო ლეგიონის ორდენზე წარადგენდა. ამის იმედი კი ყველას შეეძლო ჰქონოდა განურჩევლად სოციალური მდგომარეობისა. ნაპოლეონის ცნობილი სარდლებიდან ბევრი მათგანი ხელმოკლე ოჯახებიდან იყვნენ. მაგალითისთვის გავიხსენოთ თუნდაც ნაპოლეონის მარშალი და შვედეთის მომავალი მეფე ჟან ბატისტ ბერნადოტი, რომელიც 1818 წელს ტახტზე ავიდა კარლ XIV იუჰანის სახელით. იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ჩაეწერა ქვეითთა სამხედრო პოლკში. მიუხედავად იმისა, რომ მამაცი ჯარისკაცი და კარგი მოფარიკავე იყო, ლეიტენანტი მხოლოდ საფრანგეთის რევოლუციის დაწყებამდე გახდა. მისთვის მეტის ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, რადგან საფრანგეთში ოფიცრის წოდება მხოლოდ თავადაზნაურთა ოჯახის შვილებს ენიჭებოდათ.

ლეგენდარული მიშელ ნეი, რომელსაც ნაპოლეონი "მამაცთა შორის მამაცს“ უწოდებდა, ღარიბი, ნალების მჭედლის ოჯახში იყო დაბადებული, რომელიც შემდეგ საფრანგეთის მარშალი, ელხინგენის ჰერცოგი და მოსკოვის თავადი გახდა.

ასევე ღარიბი ოჯახიდან იყვნენ უმამაცესი ანდრე მასენა, შემდგომში საფრანგეთის მარშალი, რივოლიის ჰერცოგი და ესლინგის თავადი.

რიგითი ვაჭრის ოჯახიდან იყო მარშალი უდინო, ხოლო საფრანგეთის საპატიო მარშალი სერიურიე, სამეფო თავლაში თხუნელების შენახვაზე პასუხისმგებელი მოჯამაგირის შვილი გახლდათ.

გარდა მატერიალური წახალისებისა და ჩინების დარიგებისა, ნაპოლეონს შეეძლო საჭირო დროს და საჭირო ადგილას, ძლიერი ქარის ქროლვისას ფრთებიც შეესხა საკუთარი სარდლებისთვის. ასე იქცეოდნენ სხვა ეპოქებშიც გენიალური მხედართმთავრები.

კანესთან ბრძოლის წინ დაბანაკებულ რომაელებს 80 ათასი ქვეითი და 6 ათასი ცხენოსანი ჰყავდათ. კართაგენელთა არმია ორჯერ ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეს. როცა რომაელთა ლაშქარი იხილა, ჰანიბალის ერთმა ძველმა და მრავალნაცადმა თანამებრძოლმა - ჰისკონმა, გაკვირვება გამოთქვა, რომელიც დაფარულ შიშს უფრო გამოხატავდა.

ჰანიბალმა შენიშნა ეს და ეუბნება:

- მაგრამ არის უფრო საოცარი რამ ჰისკონ.

- მაინც რა?

- ის, რომ რომაელთა მრავალრიცხოვან მეომრებში ერთ კაცსაც ვერ ნახავ, ჰისკონი რომ ერქვას.

ჰანიბალის ნათქვამმა ჰისკონს და მის მეომრებსაც შიში დაავიწყათ. კანეს ბრძოლა კართაგენელთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა.

აი, ის მოტივაცია, რომელიც ადამიანებს ბევრად უფრო უკეთეს ხდის და მათ შეუძლებელს აკეთებინებს.

მაგრამ ჰანიბალი, მაკედონელი, კეისარი, ნაპოლეონი... საუკუნეში მხოლოდ ერთხელ იბადება, მაშინ, როდესაც ნიჭიერ, განსაკუთრებულ ტალანტით დაჯილდოებულ ადამიანებს კი ბუნება მრავლად ბადებს. ვინ დაინახოს და შეამჩნიოს ეს ხალხი და რაც მთავარია მათი უნარებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის საჭირო ფუნქცია დააკისროს?

ამ მხრივ, როგორც ქვეყნის ცხოვრებაში, ისე იმდროინდელი მსოფლიოსთვისაც მნიშვნელოვან ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც მოხდა 1883 წელს, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში პენდლტონის კანონი მიიღეს - "სახელმწიფოს სამსახურის კანონი.” მან საფუძველი დაუდო სახელმწიფო სამსახურის ინსტიტუტს, რომელიც თავისი მნიშვნელობით ათას მოგებულ ბრძოლას აღემატება.

"სახელმწიფო სამსახურის კანონი” კატეგორიულად მოითხოვს სახელმწიფო თანამდებობის გადანაწილებას მხოლოდ ღია კონკურსის საშუალებით.

ეს კანონი მუშაობს 1883 წლიდან დღემდე და ის უცვლელია. ამ კანონის ამოქმედებამ შექმნა ის უნიკალური სიმდიდრე და ძლიერება, რაც შეერთებულ შტატებშია თავმოყრილი.

1887 წელს ამ კანონის თეორიული მოდელი კი ე.წ. "ადმინისტრაციული ეფექტურობის მოდელი” პროფესორმა ვუდრო ვილსონმა შექმნა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტობა დაიმსახურა, ხოლო თვითონ ისტორიაში შევიდა, როგორც ყველა დროის უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე.

დღესდღეობით ამერიკულ კულტურაში, ღირებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძირეული - კონკურენტულობა და წარმატებულობაა.

პოლიტიკაში, სპორტში, ბიზნესში, სკოლასა და ყოველდღიურ ყოფაში, ამერიკელები თამაშობენ, სწავლობენ, შრომობენ თუ იბრძვიან - ამას აკეთებენ მხოლოდ გამარჯვებისთვის. სხვა ქვეყნების კულტურაში კონკურენტულობის, როგორც ღირებულების ასეთი მძაფრი განცდა სრულიად უცხოა.

აშშ-ს გამოცდილება იმიტომ ავიღეთ, რომ ის სანიმუშოა თვით მოწინავე მაღალგანვითარებული ქვეყნებისთვისაც. რომ ეს ასეა, შედარებისთვის ავიღოთ თუნდაც დიდი ბრიტანეთი.

ჯერ კიდევ წლების წინათ, გაერთიანებულ სამეფოში - საჯარო სამსახურის დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, ბიუროკრატიის კადრების ფაქტიურად სრული “ტეტჩერიზაცია" მოხდა.

თავის დროზე პრემიერ მინისტრს, მისი მმართველობის დროს იმასაც კი აბრალებდნენ, თანამდებობაზე დანიშვნის წინ ნებისმიერ კანდიტატზე იმას კითხულობს - ჩვენიანია თუ არაო.

პოლიტიზაციის ჭია კარგა ხანია ფრანგულ ადმინისტრაციასაც შეუჩნდა - ამჟამად 500 უმაღლეს თანამდებობაზე მოხელეები დანიშნულნი არიან უშუალოდ წამყვანი პოლიტიკური ფიგურების მითითებებით.

კონკურსებთან დაკავშირებით, შეიძლება ნებისმიერ თვენთაგანს გაუჩნდეს სურვილი შეგვახსენოს, რომ მთელ რიგ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში გამოცხადებულ ვაკანსიებზე კანდიდატთა შერჩევა კონკურსის წესით კარგახანია უკვე ჩვენთანაც ტრადიციად დამკვიდრდა. უფრო მეტიც, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს პარლამენტმა სპეციალური კანონიც კი მიიღო ნეპოტიზმის შესახებ, მაგრამ რა შეიცვალა ამით, რა ხალხი ინიშნებოდა თანამდებობებზე? წლების განმავლობაში, საზოგადოებრივი საქმიანობის სხვადასხვა სფეროებში, თუ რა ტიპის "გამჭვირვალე“ კონკურსები და არჩევნები ტარდებოდა, ან რა კვალიფიკაციისა და წესიერების ადამიანებს ანდობდა "ვარდების“ ხელისუფლება ასეთ სელექციებს ეს ე.წ. "ფასადური დემოკრატიის“ შედეგი ყველაზე უკეთ 1 ოქტომბერს გამოჩნდა.

ჯდება კი დემოკრატიის ჩარჩოებში ნეპოტიზმი? რა თქმა უნდა - არა. ჩამოვურიგოთ ნათესავ-მეგობრებს თანამდებობები და შემდეგ თავის მართლებას მოვყვეთ -ქართველები ასეთები ვართო, ან კიდევ რა ვქნათ დღეს, სხვა გზა არ არის, ჩვენ ახალ ხალხს ვერ ჩამოვიყვანთ მარსიდან. შეიძლება გულწრფელად ვფიქრობდეთ ასე, მაგრამ ეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს ნამდვილად არ წაადგება. ვინაიდან ნეპოტიზმს არც სამშობლო აქვს და არც ეთნიკური წარმომავლობა. ის მხოლოდ უპასუხისმგებლო საზოგადოებისთვის დამახასიათებელი დაბალი კულტურის და ჩამორჩენილობის შედეგია.

ამიტომ კლანური მმართველობის შედეგებზე საბოლოოდ რომ უარი ვთქვათ, აუცილებელია თანამდებობებზე დანიშვნები მხოლოდ კონკურსებით ხდებოდეს. ვინაიდან, კადრების შერჩევის კლანურმა პრინციპმა: ჩემიანია, ჩემი კლანის კაცია, რაც იყო კომუნისტების დროს, შევარდნაძის მმართველობისას და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების ხანაში, შედეგად მოგვცა ის, რომ ძალიან ბევრი უცოდინარი და არაპროფესიონალი მოხვდა არათუ თანამდებობაზე, ადამიანთა საქმიანობის ყველა უბანზე. სწორედ ამიტომ უნდა შეიქმნას სახელმწიფოებრივი აზროვნების მქონე, კვალიფიციურ სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისიები, რომლებიც განსაზღვრული ვადით კონკურსის წესით შეარჩევენ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებს. მათი გადარჩევა, ან ადგილზე დატოვება და დაწინაურება სუბიექტურ ფაქტორებზე კი აღარ იქნება დამოკიდებული, არამედ თითოეული ჩვენგანის ნიჭსა და უნარზე. მთავრობები უნდა წავიდნენ და მოვიდნენ, მაგრამ სახელმწიფო მოხელის დანიშვნა-მოხსნა ცალკეული პირების გუნება-განწყობაზე აღარ უნდა იყოს დამოკიდებული. სწორედ ასეთი "ღია კონკურსები“ საზოგადოებრივი საქმიანობის ყველა სფეროში შექმნიან ქვეყანაში კონკურენტუნარიან გარემოს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას ჩვენი ცხოვრება წარმართონ არა შემთხვევითმა პირებმა, არამედ საუკეთესოებმა.

ძველ სპარტაში გერუსიაში (უხუცესთა საბჭოში), არ აირჩიეს დიდი დამსახურების მქონე სახელოვანი ვაჟკაცი. ამ ამბით აღტაცებული ყოველ შემხვედრს ულოცავდა: მე მეგონა, რომ საუკეთესო ვიყავი, მაგრამ თურმე ვცდებოდი. ბედნიერი ვარ, რომ სპარტას ჩემზე კიდევ უფრო ღირსეული ვაჟკაცები ჰყავს.

ქართული ანდაზა ამბობს "ისეთმა ფურმა დამწიხლოს ჩემზე მეტს რომ იწველებაო”.

ობიექტურად ჩატარებული კონკურსები და არჩევნები, ერთი მხრივ არ მისცემს "თვითკმაყოფილების“ უფლებას გამარჯვებულს, ხოლო დამარცხებული, ვისაც უყვარს თავისი პროფესია, უკეთ მომზადებული, კონკურენტუნარიან გარემოში კვლავაც იბრძოლებს გამარჯვებისათვის, ხოლო ვისაც არ სურს ბრძოლა, ის არც მიიჩნევს თავს დარგის სპეციალისტად.

ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნა და ბიუროკრატიულ კიბეზე აღმასვლა ისეთ პროფესიულ კრიტერიუმებზე უნდა იყოს დამოკიდებული, როგორიცაა პროფესიული უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ადმინისტრაციული ალღო.

იმედია, ამ ე.წ „გარდამავალი ეტაპის“ შემდეგ სამომავლოდ ყველაფერი ამ მიმართულებით წავა. სხვათა შორის, ამ წერილს დიდი ენთუზიაზმით იმიტომაც ვწერ, რომ ვხედავ, ქვეყანაში ცვლილებების რეალური შანსი არის.

მაგრამ იქნება კი მარტოოდენ კონკურსები საკმარისი? ალბათ, არა. ვინაიდან, თვით კონკურსის წესით შერჩეულ ბიუროკრატიასაც გაკონტროლება სჭირდება.

ბიუროკრატიის გაკონტროლების რამდენიმე გზა არსებობს:

შესაძლოა შემუშვებულ იქმნას ანგარიშვალდებულების მექანიზმები სამინისტროთა, საკანონმდებლო ორგანოთა, სასამართლოთა თუ საზოგადოების (სახალხო დამცველთა (ომბუდსმენთა) წინაშე.

შეიძლება შეიქმნას ბიუროკრატიის საპირწონედ ექსპერტთაგან დაკომპლექტებული ალტერნატიული ორგანო, მრჩევლების ინსტიტუტის სახით.

"გონებრივი ტრესტი“ - სახელმწიფოს მრჩეველი

დღეს, როდესაც მრჩეველთა ინსტიტუტი, ლამის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს აპარატის დამახასიათებელი ნიშან-თვისებაა, მათი გაკეთებული საქმეების შესახებ ცოტამ თუ იცის. თუმცა საუბარი ზოგიერთ მათგანზე უკვეა შესაძლებელი.

ფრანკლინ დელანო რუზველტი გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების 32-ე პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიიდან. ის ერთადერთია, რომელიც ორ ვადაზე მეტად, ოთხჯერ იყო არჩეული ქვეყნის მეთაურად. მას ამერიკის ისტორიის XX საუკუნის ცენტრალურ ფიგურას უწოდებენ. ბევრი თვლის, რომ ფრანკლინ რუზველტი ამერიკის სამ უდიდეს პრეზიდენტთა სიაშია.

როდესაც ფრანკლინ დელანო რუზველტი ემზადებოდა პრეზიდენტობისათვის, მისმა მეგობარმა, შესანიშნავმა ანალიტიკოსმა როზენმანმა შესთავაზა შეედგინა გუნდი, რომელიც შეიმუშავებდა პროგრამებს, რითიც გაიმარჯვებდნენ არჩევნებში და შეძლებდნენ ქვეყნის გამოყვანას კრიზისიდან და კარგად მართვას.

როზენმანმა უარყო გამოცდილ პოლიტიკოსების, ფინანსისტების და ბიზნესმენების კანდიდატურები. მისი აზრით, ყველაზე კარგი იქნებოდა ასეთი გუნდის დაკომპლექტება უნივერსიტეტების პროფესორებით, რომლებსაც დიდი ოცნებები ჰქონდათ სამშობლოსთან დაკავშირებით და ბედნიერები იქნებოდნენ თუ ხორცს შეასხავდნენ თავის იდეებს. გადაწყდა ნამდვილი ინტელიგენტებისაგან დაეკომპლექტებინათ გუნდი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უძლიერეს სახელმწიფოდ უნდა ექციათ და მოსახლეობა კი კეთილდღეობით უზრუნველეყოთ. ჯგუფში, რომელსაც "გონებრივი ტრესტი" უწოდეს, შევიდნენ როზენმანი, იურისტი ო’კონორი, სისხლის სამართლის სპეციალისტი მოლი, კონსერვატიული რეალიზმის იდეოლოგი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი რ. ტარგველი, საბანკო ექსპერტი ა. ბერლი.

გარდა ამისა, "გონებრივ ტრესტში" მუდამ იწვევდნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. ბევრის სახელი დღესაც რომ უცნობია. "გონებრივმა ტრესტმა" გაამარჯვებინა რუზველტს.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ რუზველტმა ზოგიერთი მათგანი მიიწვია სახელმწიფო თანამდებობაზე, მაგრამ მათგან უმეტესობამ ანალიტიკური საქმინობის გაგრძელება, მონიტორინგი, არჩიეს.

"გონებრივ ტრესტში" შემუშავებული გეგმების, პროექტების რეალიზების წყალობით ამერიკა ზესახელმწიფოდ იქცა. თუ ეს გასული საუკუნის 30-იანი წლების ისტორიაა, დღესდღეობით მრჩეველთა ინსტიტუტი, ლამის ყველა თანამედროვე სახელმწიფოს აპარატის დამახასიათებელი ნიშან-თვისება გახდა.

გაერთიანებულ სამეფოში მარგარეტ ტეტჩერი ხშირად მიმართავდა რჩევისთვის პოლიტიკურ კვლევით ცენტრსა თუ ადამ სმიტის ინსტიტუტს; ბლერი კი - საკუთარი კაბინეტის ადმინისტრაციის გასაძლიერებლად - საჯარო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტს.

იქნებ ჩვენც გვეფიქრა დღესდღეობით თითქმის განადგურებულ და უფუნქციოდ დარჩენილ მთელ რიგ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებზე. თავდაპირველი სახით მათი აღდგენა შეუძლებელიც არის და ალბათ, მიზანშეუწონელიც. სწორედ ღია კონკურსებით დაკომპლექტებულ განსაზღვრული რაოდენობის სამეცნიერო ჯგუფებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა იმუშაონ სახელმწოფო დაკვეთებზე, რასაც დღეს ნაწილობრივ, ე.წ. ენჯეოები ასრულებენ.

მართალია, ბიუროკრატიული კანონები მაქსიმალურად ამცირებს პიროვნული გადაცდომის შესაძლებლობას, მაგრამ ადამიანები არ უნდა ვაქციოთ სახელმწიფო მანქანის ჭანჭიკებად.

უწინარესად, უნდა გვახსოვდეს, რომ თანამდებობის პირთა მნიშვნელობა და გავლენა, მათ მიერ დაკავებული თანამდებობებით კი არ განისაზღვრება, არამედ მათი პიროვნული ღირსებებით.

ნაპოლეონის ცნობილი გამონათქვამია: ადამიანებზე ზემოქმედების სამი ბერკეტი არსებობს: დაშინება, იძულება და სიყვარული. რადგან ეს უკანასკნელი მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ვისურვებდი საზოგადოების კანონმორჩილება შიშზე კი არ იყოს დაფუძნებული, არამედ ქვეყნის სიყვარულზე და ერის ნების გამომხატველი კანონების მიმართ პატივისცემაზე.

ერის ნების გამომხატველი კანონები შემთხვევით არ მიხსენებია. სხვა კანონებიც არსებობს, სულ სხვა მიზნით და დანიშნულებით შედგენილი...

როცა პეტრარკა ტრიბუნალის წინ უნდა წარმდგარიყო, მას გამოუცხადეს, რომ სასამართლოს არ სჭირდებოდა მისი ფიცი: "დაე, შენი ქვეყნის კანონები ნუ იქნებიან შენს პატიოსნებაზე მაღლა. არ იფიქრო, რომ ყოველთვის საკმარისად კარგია ის, რაც კანონებით არის დაშვებული“.

იქნებ ადამიანებში ბევრად მეტია კარგი, ვიდრე მათთვის დაწერილი თვით საუკეთესო კანონები.

იქნებ დღეს ჩვენი გასაჭირის რეალური მიზეზები არც სამართალში, არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაშია საძიებელი?

ამბობენ, რიშელიე მის მიერ დაარსებულ საფრანგეთის აკადემიის წევრებს ეუბნებოდა, დროა სახელმწიფოებრივად აზროვნება ისწავლოთო, ამ სიტყვებს საქართველოშიც ხშირად იმეორებენ, მაგრამ საქმითაც ჩანს, რომ მხოლოდ ერთეულებს ესმით მათი მნიშვნელობა.

მაგრამ, როგორ ესმით სხვებს მისი მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში იაპონელებზე ვისაუბროთ: ეს ამბავი ტროას აღმომჩენ ჰაინრიხ შლიმანს ეხება. ძნელი სათქმელია, კიდევ თუ რამე გააკვირვებდა ამ მრავლისმნახველ კაცს. იაპონელებმა კი ეს შეძლეს. როგორც ვაჭარი, კომერსანტი შლიმანი შეჩვეული იყო მებაჟეებთან ურთიერთობისას მათ ჯიბეში ფულს ჩაუჩხრიალებდა და საქმეს ამით აგვარებდა. მაგრამ იაპონიაში მას სულ სხვა სურათი დახვდა. ფულის შეთავაზებაზე მებაჟე წელში გაიმართა და რიხით წარმოთქვა: "ნიპონ მუსკო”, 40-ზე მეტი ენის მცოდნე შლიმანს არ გასჭირვებია გაეგო, მებაჟე რას ეუბნებოდა - "მე იაპონელი ვარ“. ეს კი ნიშნავს, თავს ისე არ დავიმცირებ, ფულის გულისათვის ჩემს მოვალეობას ვუღალატოო.

სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, სამშობლოს სიყვარული მტკიცე პირობაა ქვეყნის ბედნიერებისათვის. მაგრამ, ესეც არის, რომ მამულის ჭეშმარიტ სიყვარულს, ესოდენ მაღალ გრძნობას კოსმოპოლიტური განწყობილება, ან პატრიოტობით კეკლუცობა კი არ ბადებს, არამედ საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა და თაობების ღირსეული მიზნით აღზრდა, რაც რთულ, ხანგძლივ და შრომატევად საქმეს წარმოადგენს.

თუ მსოფლიოს მოწინავე ერები ცხოვრობენ, რათა იკვებონ, ჩვენ საკვებს მივირთმევთ იმისათვის, რომ ვიცხოვროთ. ასეთი არსებობა კი ხანგძლივ დროში, ბუნებრივია, მენტალობასაც ცვლის. თუ ძველად ქართველები ყველაზე სტუმართმოყვარენი ვიყავით და შეგვეძლო გვეთქვა: "სტუმარი - იგივეა ღმერთი გყავდეს სახლში“. ახლა პოლონელებივით თუ არ ვამბობთ, ვფიქრობთ მაინც ასე: "სტუმარი იგივეა - გყავდეს ფეხმძიმე ცოლი სახლში".

ვიდრე სახელმწიფოს ბედს მივანდობდეთ ამომრჩეველს, ჯერ მათგან მოქალაქეები უნდა შევქმნათ. ამიტომ ვიდრე მშიერ და გაუნათლებელ კაცს ხმის უფლებას მივცემდეთ, მისი ცხოვრებისა და განათლების დონე უნდა ავწიოთ. სხვა შემთხვევაში ასეთი შეცვლილი მენტალობით ლაპარაკი ღირსებაზე, პატიოსნებაზე, როგორც ჩვენს ტრადიციულ ღირებულებაზე, თანდათან, საზოგადოებისათვის არცთუ იოლი გასაგები ხდება.

ეს მაშინ, როცა ჩვენგან განსხვავებით, დღესაც ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათ შორის, იაპონიაში ღირსების საკითხს კვლავინდებურად ცენტრალური ადგილი უჭირავს. უკანასკნელი პრემიერ-მინისტრი, ისე როგორც მისი ორი წინამორბედი, იმ მიზეზის გამო გადადგა, რომ წინასაარჩევნო დაპირებები ვერ შეასრულა. დამეთანხმებით, შესაშური მაგალითია.

ჯერ კიდევ ძვ.წ. VI ს-ის ჩინეთში ლაოძის მოძღვრება ქადაგებდა: "რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე, რაც მეტია იარაღი, მით მეტია ამბოხი, რაც მეტია უმეცრება, მით მეტია სიხარბე, რაც მეტია კანონი და ბრძანება, მით მეტია ქურდი და ავაზაკი”.

კონფუციც გვმოძღვრავს: "ყველაფერი ამაზრზენი, რაც კი ქვეყნად ხდება გაუნათლებლობის შედეგია“. სწორედ გაუნათლებლობის შედეგია ის, რომ ყოველივე, რაზეც ვსაუბრობთ კვლავაც გულუბრყვილო ოცნებად გვრჩება და ასეთად დარჩება მანამდე, სანამ კვლავ არ დაიბადება ის იდუმალი ძალა, მთვლემარე სინდისისა და დათრგუნვილი ნების მქონე ადამიანებში ღირსების გრძნობას რომ აყალიბებს - ეს არის მამულის სიყვარული. მაკიაველი ამბობს: "ღმერთი ზეციდან მიწაზე ჩამოვიდა და სამშობლო დაირქვა”.

ქვეყნის ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარება, მის წინაშე მდგარი ამოცანები დღენიადაგ ითხოვს ჩვენგან უკეთ გავერკვეთ, თუ რა ხელეწიფება მცირერიცხოვანი ერის ძალღონეს და რა აღემატება. საჭიროა, ქვეყნის სულიერ-პოლიტიკური გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივების მუდმივი გააზრებით ღირებულებათა სისტემაში მოყვანა. შემდეგში სწორედ ამ გააზრებაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ გადაწყვეტს ქვეყანა მის წინაშე მდგარ პრობლემებს. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება კი შეგვმატებს რწმენას, რომ შეგვწევს ძალა და უნარი, დავძლიოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შექმნილი უმძიმესი ვითარება, ზღვარდაუდებელ ტკივილად ქცეული, ჩვენი მატერიალური სიდუხჭირე, აღვადგინოთ საქართველოს როგორც სულიერი, ისე ფიზიკური ერთიანობა, რაც მტკიცე საფუძველი გახდება ქვეყნის ეკონომიკური და კულტურული აღორძინებისათვის.

არ უნდა დაგვავიწყდეს, ისიც, რომ როგორც ჩვენს წინაპრებს, თითოეულ ჩვენგანსაც დღეს არსებული მრავალი პრობლემის გადასაჭრელად დრო ლიმიტირებული გვაქვს. როცა გვეზარება ფიქრი და სხვის გადაწყვეტილებას მივყვებით, მუდმივად ველოდებით ქარიზმატულ ლიდერს, რომელიც მდგომარეობას შეგვიცვლის, ამას ფსიქოლოგები კომფორმულობას უწოდებენ.

თუ არსებული საფრთხე მთელმა ხალხმა, ყოველ შემთხვევაში, ერის მაქსიმალურმა უმრავლესობამ არ შეიგრძნო, რომ ჩვენ, მართალია, ვცხოვრობთ ახალ მსოფლიოში, მაგრამ კაცობრიობის ისტორიისთვის არანაკლებ სასტიკ პერიოდში, ეს ყველაფერი მხოლოდ ფუჭ სიტყვებად დარჩება.

ბრმებში ცალთვალას რომ არ ვეძებდეთ!

ქართველების, ისევე როგორც ბერძნების, საყვარელი საქმიანობა პოლიტიკაზე დაუსრულებელი ლაპარაკია. ამ ლაპარაკს აზრი მიეცემოდა, თუ მას ახალშობილიც მოყვებოდა, მაგრამ, როდესაც დაუსრულებლად ხეებზე ამახვილებ ყურადღებას და ტყეს ვერ ამჩნევ, აქ უკვე მარტო ლაპარაკი ვერ გშველის. ინტელექტუალური ელიტა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ერთ შემთხვევაში შეძლებს, - თუ მასას ხეების გარდა, ტყესაც დაანახვებს.

ქვეყნის მშენებლობაში, თითოეულმა ჩვენგანმა იქნებ უფრო მეტი პრაგმატულობა და ორგანიზებულობა გამოვიჩინოთ, თავს ძალა დავატანოთ და ვიაზროვნოთ, რათა სახელმწიფოს მართვის უკეთესი ეფექტური მექანიზმი შევქმნათ. ამ მხრივ საფიქრალი და საზრუნავი მართლაც რომ ბევრი გვაქვს.

პლატონიდან მარქსამდე, ხოლო შემდეგ კარლ პოპერიდან დღემდე, ვისაც კი სახელმწიფოს მართვის თეორიებზე უმუშავია, მთავარი საკითხი იყო შემდეგი: ვინ უნდა მართოს სახელმწიფო? პლატონი ასეთ პასუხს იძლეოდა: მართონ უნდა "საუკეთესოებმა“.

მაგრამ, ვინ შეიძლება იყვნენ ის "საუკეთესოები“, თუნდაც კონკურსის წესით შერჩეულნი, ვისაც შეიძლება სახელმწიფოს მართვა ვანდოთ? ძნელი წარმოსადგენია ასეთად წარმოვიდგინოთ მხოლოდ მკვლევარები, რადგან მაღალი დონის ინტელექტუალები არიან. გასაგებია, რომ ინტელექტი - პასუხისმგებლობაცაა. პასუხისმგებლობა ავითარებს ნებისყოფას, მაგრამ არის კი ეს საკმარისი პირობა? მაგალითისთვის გავიხსენოთ ნიუტონი, რომლის უზარმაზარი შემოქმედებითი პოტენციალი, როგორც მეცნიერის, მართალია, ყველასათვის ცნობილია, მაგრამ მისი პერობის ხანგრძლივი პერიოდის ისტორია, მხოლოდ ღიმილს იწვევს. ცნობილია, რომ პარლამენტში, როგორც დისციპლინირებული ადამიანი, კეთილსინდისიერად ესწრებოდა სხდომებს, თუმცა მთელი თავისი პოლიტიკური მოღვაწეობისას, მან მხოლოდ ორი სიტყვა თქვა: "დახურეთ ფანჯარა“.

ასევე საშიშია სახელმწიფოს მომავალი მივანდოთ ექსტრემალურად მებრძოლ ადამიანებს, ავანტიურისტებს, რომელთათვისაც დაუნდობელი ბრძოლა მიზნისათვის ერთობ რომანტიულია.

ასევე ძნელია ვენდოთ რომეოებს, რომელთაც მხოლოდ ჯულიეტა აინტერესებთ. ყველას ხომ არა აქვს ედუარდ VIII-ის პატიოსნება, რომელმაც, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფემ, ინდოეთის იმპერატორმა, კორონაცია ოფიციალურად რომ არ ჩატარებულიყო, შეყვარებული ქალბატონის გამო, 1936 წელს უარი თქვა ტახტზე, რადგანაც ცოლად შეირთო განქორწინებული უოლის სიმპსონი, რასაც მხარს არ უჭერდა დიდი ბრიტანეთის მთავრობა.

საქართველოსთვის, ისევე როგორც მრავალი ქვეყნისთვის, უმთავრესი პრობლემა კადრებია. ხშირად გვესმის ქვეყანაში საკადრო რესურსი არ არის. მხოლოდ ქარიზმაზე ორიენტირებული ლიდერი საკადრო პოლიტიკას ვერ წარმართავს, რადგან ერთგულების ნიშნით კადრების შერჩევა დამანგრეველია და არაფრისმომცემი ქვეყნისთვის. ეს მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნების საშუალებად თუ გამოდგება, ისიც - დროებით. კადრების მომზადებას კი დრო, ცოდნა და უდიდესი ძალისხმევა სჭირდება.

არც ერთი თავმოყვარე სახელმწიფო დიპლომატიისა და უშიშროების სამსახურისთვის კადრების მომზადებას არ ანდობს უცხო ქვეყანას, თუნდაც მეგობრულს. იქნებ გვეფიქრა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში სოკოსავით მიმოფანტული სახელმწიფო მართვის სკოლების ნაცვლად შეგვექმნა პრესტიჟული სახელმწიფო მნიშვნელობის სასწავლებელი, სადაც მომზადდებოდა კონკურსის წესით შერჩეული ახალგაზრდობა და აღარ იქნებოდა ქვეყანაში საკადრო რესურსის სიმწირე. ხომ არ შეიძლება, რომ დღენიადაგ ბრმებში ცალთვალას ვეძებდეთ?

ასეთი ელიტარული სკოლების არსებობა ბევრი ქვეყნისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს. მაგალითისთვის მოვიყვანოთ თუნდაც საფრანგეთის სახელმწიფო მართვის სკოლა (ENA), რომელიც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და პრეფექტებს, სხვადასხვა მაღალჩინოსნებსა და ადმინისტრაციული იუსტიციის მოსამართლეებს ამზადებს.

ისევე როგორც თქვენ, მეც მინდა, ხვალინდელი საქართველო უკეთესი იყოს, რათა ქვეყანა ჩვენთან ერთად წარმატებული გავხადოთ. მოდით, მაშინ ერთად ვიფიქროთ თუ როგორ შევძლოთ, რომ სახელმწიფოს მართვა შემთხვევითმა პირებმა კი არა, საუკეთესოებმა წარმართონ!