სამხედრო მოსამსახურესთან დადებული კონტრაქტის ვადის გასვლა, სამსახურიდან მისი დათხოვნის კანონიერი საფუძველი გახდება. აღნიშნულს ითვალისწინებს "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და მთავრობის მიერ პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
როგორც კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, საკონტრაქტო სამსახურის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე, თუკი ის საკონტრაქტო სამსახურს არ გააგრძელებს, შეიარღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილი უნდა იყოს. იმისთვის კი, რომ ბრძანებაში სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის საფუძველი მკაფიოდ განისაზღვროს, აუცილებელია კანონში შესაბამისი ნორმის დამატება.
მოქმედი კანონი სამხედრო მოსამსახურეთა დათხოვნის შემთხვევებს შორის, ამ მიმართულებით მხარეთა შეთანხმებას და კონტრაქტის პირობების დარღვევას განსაზღვრავს.