თავდაცვის მინისტრისა და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა

თავდაცვის მინისტრისა და რიგითი ჯარისკაცის დაზღვევა გათანაბრდა

1 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი, სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ყველა თანამშრომელი, რიგითი ჯარისკაცი ერთნაირი სადაზვევო პაკეტით სარგებლობს. ახალი დაზღვევის პირობები სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა დღეს, თავდაცვის უწყების თანამშრომლებს გააცნეს. მათ სტანდარტული და გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტების შესახებ პრეზენტაცია გამართეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სს „ჯი პი აი ჰოლდინგი“ ღია ტენდერის მიხედვით შეარჩია. კომპანიას რეგიონალური ინფრასტრუქტურა, საქართველოს მასშტაბით, სრულად აქვს გამართული და თბილისსა და საქართველოს ყველა დიდ ქალაქში 11 ფილიალს მოიცავს.

სტანდარტული სადაზღვევო პაკეტი შემდეგი სახის მომსახურებებს მოიცავს: 24 საათიანი სატელეფონო კონსულტაციები კვირაში 7 დღის განმავლობაში; გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება; პროფილაქტიკური კვლევის დაფინანსება წელიწადში ორჯერ; გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა; მშობიარობა; გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება; სიცოცხლის დაზღვევა; სამოგზაურო და სხვა ტიპის დაზღვევები. სტანდარტული პაკეტი, ყველა სამხედრო და სამოქალაქო პირის ოჯახის წევრების დაზღვევასაც ითვალისწინებს.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს დამატებითი ინფორმაცია მიეწოდათ ყველა სხვა გაუმჯობესებული პაკეტის შესახებაც, სპეციალური VIP პაკეტის ჩათვლით. პრეზენტაციის შემდეგ, „ჯი პი აი ჰოლდინგის“ წარმომადგენლებმა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხეს.