„დიდი შვიდეული“ ბელარუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დიდი შვიდეული“ ბელარუსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბელარუსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, „დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, უკიდურესად ვგმობთ ბელარუსის ხელისუფლების უპრეცედენტო ქმედებას დამოუკიდებელი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩისა და მისი თანამგზავრის, სოფია საპეგას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომელიც მინსკში თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ განხორციელდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეული“ აღნიშნავს, რომ ამ ქმედებამ საფრთხე შეუქმნა რეისის მგზავრთა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას და ეს სამოქალაქო ავიაციის მარეგულირებელი წესების უხეში დარღვევა იყო.

„ეს ქმედება ასევე წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე სერიოზულ თავდასხმას. ჩვენ ვითხოვთ რომან პროტასევიჩის, ასევე ყველა სხვა ჟურნალისტისა და პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს ძალისხმევას, მათ შორის შემდგომი სანქციების მეშვეობით, ბელარუსის ხელისუფლების ქმედებების ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

25 მაისს ევროკავშირის სამიტმა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.