სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანს კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე

სახელმწიფო დეპარტამენტი: აზერბაიჯანს კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე

აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ განვითარებული მოვლენებისა და აზერბაიჯანის ძალების მიერ სომეხი ჯარისკაცების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ ორივე მხარეს მოვუწოდებთ, სასწრაფოდ და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ ეს ინციდენტი. აზერბაიჯანს კვლავ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები. აზერბაიჯანს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ვახსენებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აშშ სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საზღვრის არადემარკირებული ტერიტორიების გასწვრივ ნებისმიერ გადაადგილებას პროვოკაციულად მიიჩნევს.

„აშშ მხარეებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ არსებით მოლაპარაკებებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ეგიდის ქვეშ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური მოგვარების მისაღწევად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სომხეთის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის გადასვლის მცდელობისას 6 სომეხი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის მიერ 6 სომეხი სამხედროს ტყვედ აყვანას პროვოკაციად აფასებს და მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.