ვიდეოპაემნის ოთახი თელავში. დღეიდან კახეთის პრობაციის ბიუროს ოფისში ვიდეოპაემნის სერვისი ამოქმედდა, რომელიც ნებისმიერ პირს საშუალებას აძლევს, მსჯავრდებულთან პირდაპირი ვიზუალური და ხმოვანი კავშირი დაამყაროს.
ვიდეოპაემნის სერვისის გახსნას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი სოზარ სუბარი დაესწრო. ამ ეტაპზე პროექტი უკვე განხორციელდა თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, საიდანაც შესაძლებელია დაკავშირება რუსთავის #16, #17 , დაბა ქსნის #15 და არასრულწლოვანთა აღმზრდელობით დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან.
ვიდეოპაემნით სარგებლობა ერთდროულად სამ პირს შეუძლია და მისი ხანგძლივობა 15 წუთით განისაზღვრება. მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში, არაუმეტეს ერთხელ.
უახლოეს პერიოდში პრობაციის ეროვნული სააგენტო ზემოაღნიშნული სერვისის დანერგვას საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.