Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს

ავიაკომპანია Air France-ი ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენებს აჩერებს.

„Air France-მა გაითვალისწინა ევროპული საბჭოს დასკვნები და, შესაბამისად, აჩერებს ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენებას. თვითმფრინავები, რომლებიც უკვე ჰაერში იმყოფებიან, ფრენის გეგმას შეცვლიან“, - ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

24 მაისს ავიაკომპანია Lufthansa-მ ბელარუსის საჰაერო სივრცეში ფრენები შეაჩერა.

ევროკავშირის სამიტმა ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება მიიღო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურები ასევე მოუწოდებენ ევროპელ გადამზიდავებს, თავიდან აიცილონ ბელარუსის საჰაერო სივრცის გამოყენება.

„სამიტი საბჭოს მოუწოდებს, საჭირო ზომები მიიღოს, რათა ბელარუსულ ავიაკომპანიებს ევროკავშირის საჰაერო სივრცეში ოპერირება აუკრძალოს და ამგვარ ავიაკომპანიებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აეროპორტებზე წვდომა შეუზღუდოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსში რეისს ასრულებდა, ბორტზე ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო მინსკში დაეშვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ინფორმაცია არ დადასტურდა. ამასთან, რეისის ერთ-ერთი მგზავრი, ოპოზიციურად განწყობილი ბელარუსი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი დააკავეს.

ბელარუსში რომან პროტასევიჩს მინსკში მასობრივი არეულობის მოწყობასა და ხელისუფლებისა და მილიციის წარმომადგენლების მიმართ „სოციალური შუღლის გაღვივებაში“ ადანაშაულებენ.