ჯო ბაიდენმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის წინაპირობა დაასახელა

ჯო ბაიდენმა კიმ ჩენ ინთან შეხვედრის წინაპირობა დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის წინაპირობა დაასახელა.

როგორც თეთრი სახლის ლიდერმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტ მუნ ჯე ინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კიმ ჩენ ინთან შეხვედრა მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ წინასწარ იქნება განსაზღვრული მომავალი დისკუსიების ფარგლები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ არსენალთან და დეესკალაციასთან დაკავშირებით.

„მე ნამდვილად არ გავიმეორებ იმას, რაც წარსულში მოხდა. არ მივცემ კიმ ჩენ ინს იმას, რასაც ის ეძებს - საერთაშორისო აღიარებას და ლეგიტიმური მმართველის სტატუსს. იმისათვის, რომ შეხვედრა შედგეს, თეთრმა სახლმა ზუსტად უნდა იცოდეს, რა იქნება განხილული“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის დენუკლეარიზაციაზე მოლაპარაკებები ჩიხში 2019 წლის თებერვალში, ვიეტნამში დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ შევიდა. ორივე მხარე განიხილავს ნაბიჯებს დაძაბულობის განსატვირთად. კიმ ჩენ ინი ბირთვული და შორი მანძილის რაკეტების ტესტირებაზე მორატორიუმის დაწესების სანაცვლოდ მოითხოვს, რომ აშშ-მა ჩრდილოეთ კორეისთვის დაწესებული სანქციები გააუქმოს.