„გირჩის“ ინიციატივა, რომ როგორმე პარალელი გაავლონ 7 ნოემბრისა და 26 მაისის მოვლენებსა და 20 ივნისის აქციას შორის, არის სრული აბსურდი და ნონსენსი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მან ურჩია „გირჩის“ წევრებს, თავი დაანებონ „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებულ თამაშს.
„არ ვიცი, „გირჩის“ ინიციატივა რა მიზანს ემსახურება, მაგრამ ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობის“ თამაშს თამაშობენ. როგორც ჩანს, ბოლომდე „გირჩი“ ვერ და არ გამოვიდა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშიდან, ამიტომ მათი ეს ინიციატივა ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეფასდება სერიოზულად მარტივი მიზეზის გამო. მათი ინიციატივა, რომ თითქოს პარალელი გაავლონ როგორმე 20 ივნისის მოვლენებთან, არის სრული აბსურდი და ნონსენსი. ვურჩევ, რომ ბოლომდე გაემიჯნონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და თავი დაანებონ თამაშს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ სთავაზობს, თორემ სხვა შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ ასეთი რადიკალური თამაშებით სადამდე მივიდა „ევროპული საქართველო“, ეს ნათლად დავინახეთ. ყველას ეს ბედი ელოდება, ვინც ასეთ ნაბიჯებს გადადგამს“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
21 მაისს „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „გვინდა, რომ როგორც ვიღებთ კანონს 20 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე, ზუსტად იგივე გავაკეთოთ 7 ნოემბერთან და 26 მაისთან დაკავშირებით. კანონპროექტს ორშაბათს შევიტანთ პარლამენტში“.