კობახიძეს შეცვლის ვიღაც ამ თანამდებობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დღეს მოხდება ან ხვალ მოხდება - ოდესღაც სამყაროც შეწყვეტს არსებობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობიდან წასვლას აპირებს და შესაძლოა, ის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გახდეს.
მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაციის წინაპირობა არ არსებობს.
„ადრე თუ გვიან, როდესღაც იქნება, თუმცა არა უახლოეს მომავალში, კობახიძეს შეცვლის ვიღაც ამ თანამდებობაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს დღეს მოხდება ან ხვალ მოხდება. რამდენჯერ ვიხილეთ ტალღები იმასთან დაკავშირებით, რომ კობახიძე წასვლას აპირებს? არაერთხელ. ახლა ასეთი ვარაუდების გამოთქმა, რომ ოდესღაც ეს მოხდება, მაშინ ესქატოლოგიიდანაც შეგვიძლიან მოვიტანოთ დასკვნა და ვთქვათ, რომ ოდესღაც სამყაროც შეწყვეტს არსებობას - ეს არ არის დისკუსიისთვის გამოსადეგი არგუმენტი, არც ვარაუდს ეფუძნება ეს და ამის წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.