ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ამ ადამიანმა დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გვქონდეს, რაც, სამწუხაროდ, სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პარტიიდან ტარიელ ნაკაიძის წასვლას.
მისივე თქმით, პარტიის პოზიციაა, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ამ პოლიტიკურად არალეგიტიმურ პარლამენტში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
„იმ ორ მანდატს, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს, „ევროპული საქართველო“ არ გამოიყენებს. სამწუხაროდ, ტარიელ ნაკაიძესთან ამ საკითხში გვქონდა განსხვავებული აზრი. მინდა მადლობა ვუთხრა ტარიელ ნაკაიძეს, რომ მას ჰქონდა სურვილი, ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში წარმოდგენილი, უფრო მეტიც, ის სრულად ემორჩილებოდა იმ შეთანხმებას, რომელიც ჩვენ პარტიის შიგნით გვქონდა. თუ ჩვენ შევიდოდით პარლამენტში, თუ აღდგებოდა სიები, ის იმ კონკურენციის წესით სხვა ადამიანს დაუთმობდა თავის ადგილს, მაგრამ რადგან პარტიულად, პოლიტიკურად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პარლამენტში არ მივიღებთ მონაწილეობას, ჩვენი პოლიტიკური გზები ამ საკითხზე გაიყო და ის არ წარმოადგენს ჩვენს პარტიას ამ პარლამენტში. ტარიელ ნაკაიძეს სურდა, რომ ჩვენი პარტიის სახელით ყოფილიყო პარლამენტში, თუ ჩვენ მივიღებდით ამ გადაწყვეტილებას და უფრო მეტიც, თუ იქნებოდა სრულფასოვნად ამოქმედებული ყველა რეგულაცია, სხვა ადამიანი დაიკავებდა მის ადგილს სიაში, მაგრამ ამის მიუხედავად, „ევროპული საქართველოს“ პოზიცია რჩება მყარი, ჩვენ არ ვწყვეტთ ბოიკოტს და არ ვცვლით პოზიციას არალეგიტიმურ პარლამენტთან დაკავშირებით. ჩვენი გზები გაიყო, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ამ ადამიანმა დაიცვა ყველა ის დემოკრატიული პროცედურა, რაც განსხვავებული აზრის დროს უნდა გვქონდეს, რაც, სამწუხაროდ, სხვებმა და მათ შორის პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიცვეს“, - განაცხადა ბოკერიამ.