„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელში, ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელში, ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში

პალესტინური რადიკალური დაჯგუფება „ჰამასის“ გასამხედროებული ფრთა „ალ-ყასამის ბრიგადები“ ისრაელში, ქალაქ ნირ ოზში, ქიმიურ ქარხანაზე იერიშის მიტანის შესახებ იტყობინება.

მათი ინფორმაციით, შეტევა უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით განხორციელდა. ქალაქი ნირ ოზი ისრაელის სამხრეთ ნაწილში, ღაზას სექტორის მახლობლად მდებარეობს.

ამასთანავე, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დღეს დილით, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე შემოსული დრონი ჩამოაგდეს.

ისრაელსა და პალესტინურ რადიკალურ დაჯგუფება „ჰამასს“ შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 9 მაისიდან არ წყდება.