ივანე ჩხაიძე: „სინოვაკის“ ვაქცინის მიერ რამდენიმე კომპონენტში მიღებული შეფასება „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ მიღებულ შეფასებას აღემატება

ივანე ჩხაიძე: „სინოვაკის“ ვაქცინის მიერ რამდენიმე კომპონენტში მიღებული შეფასება „სინოფარმის“ ვაქცინის მიერ მიღებულ შეფასებას აღემატება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნის მიხედვით, „სინოვაკის“ ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია, - ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სინოვაკს“ დღეისთვის 32 ქვეყანა იყენებს, 200 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული.

„ჩვენ გვაქვს დეტალური ანალიზი, როგორც „სინოფარმის“, ასევე „სინოვაკის“. ის შეფასება, რაც მიიღო „სინოვაკის“ ვაქცინამ რამდენიმე კომპონენტში, აღემატება იმ შეფასებას, რაც „სინოფარმის“ ვაქცინამ მიიღო. შესაბამისად, ეს ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი საფუძველია იმისთვის, რომ „სინოვაკი“ განვიხილოთ, როგორც საიმედო, ეფექტური და მინიმალურად გამოხატული გვერდითი მოვლენების მატარებელი ვაქცინა და მივცეთ რეკომენდაცია მას საქართველოში გამოყენებისთვის.

„სინოვაკს“ დღეისთვის 32 ქვეყანა იყენებს, 200 მილიონ დოზაზე მეტია ადმინისტრირებული. დამზადების ტექნოლოგია იდენტურია. ჩვენი გადაწყვეტილება განსაკუთრებით გაამყარა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის საბოლოო დასკვნამ, რომელიც მკაფიოდ მიუთითებს ამ ვაქცინის მაღალ ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე. იმედი გვაქვს, უახლოეს დღეებში ეს ვაქცინა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციას მიიღებს“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

საქართველოში „სინოვაკის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა ჩამოვიდა.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.