ივნისში მთლიანად ოპოზიცია, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე

ივნისში მთლიანად ოპოზიცია, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე

ივნისის თვეში მთლიანად ოპოზიცია, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის რეალური ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის და შეთანხმება უნდა ეხებოდეს საკითხების მთლიან სპექტრს, თუ როგორი კოორდინაციით გავლენ მთელ ქვეყანაში.

„ამ ვითარებაში, როცა ეს ფურცელი დაიხურა, ან იხურება, ვგულისხმობ მოლაპარაკებებს, რომელიც ჩვენი აზრით, საზოგადოებისთვის არახელსაყრელად დამთავრდა, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, როგორ უნდა მოხდეს არსებულ ვითარებაში ვადამდელი არჩევნების მიღწევა, როგორ უნდა გავიდეთ თვითმმართველობის არჩევნებზე და ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, რომ კოორდინაციის პროცესი სწრაფად დაიწყოს და ჩვენი მოქალაქეების იმედგაცრუების გარეშე დასრულდეს. ჩვენი აზრით, ივნისის თვეში, ოპოზიცია მთლიანად, ვისაც ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების რეალური ამოცანა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ამოცანა აქვს, შეთანხმებული უნდა ვიყოთ კოორდინაციის ფორმაზე, რომ ამომრჩევლისთვის, საზოგადოებისთვის ნათელი იყოს რა გზით, რა ტიპის შეთანხმებებით და კოორდინაციით გავდივართ თვითმმართველობის არჩევნებზე, ვადამდელი არჩევნებისთვის როგორ ვემზადებით. საათებს და დღეებს არ ვგულისხმობ, ნიკა მელია გუშინ იქნა განთავისუფლებული, მაგრამ უახლოეს მომავალში, ეს კონსულტაციები უნდა დაიწყოს და უნდა დამთავრდეს სწრაფად, უნდა გავითვალისწონოთ გამოცდილება მძიმე შეცდომის, რომელიც ზოგიერთმა ჩვენმა პარტნიორმა წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდის განმავლობაში დაუშვა.

ერთ კანდიდატზე შეთანხმება საკმარისი არ არის, შეთანხმება უნდა ეხებოდეს საკითხების მთლიან სპექტრს და იმ გეგმას, როგორი კოორდინაციით გავდივართ მთელ ქვეყანაში. 2020 წლის არჩევნების შეცდომების გამოცდილება გვკარნახობს, რომ არ შეიძლება ჯერ შეიქმნას მოლოდინი და შემდეგ იმედგაცრუება მოჰყვეს. ასევე, იყო იზოლირებული შეთანხმებები ცალკეულ ადგილებში, რაც არ აღმოჩნდა საკმარისი იმ არალეგიტიმური კამპანიისთვის, რასაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებს არჩევნების პერიოდში. მხოლოდ ერთ კანდიდატურაზე არ არის საუბარი, აშკარაა, რომ ნიკა მელია განხილვის მთავარი საგანი იქნება როგორც ფიგურა, ამ არჩევნების პერიოდისას, ოღონდ მხოლოდ ამაზე კონცენტრირება და „გინდათ თუ არ გინდათ“ არასწორად არის საკითხი დასმული. ძალიან ნაადრევია ამოგლეჯილად ცალკეულ გვარებზე საუბარი. ნაადრევია საკითხის ასე დასმა და უარყოფითი რეაქციაც, რომელიც მოვისმინეთ ზოგიერთებისგან არ არის სასარგებლო ამ პროცესისთვის. უნდა იყოს კონსულტაციები არა პიარ-ამოცანებისთვის, არამედ ვითარების გარკვევისთვის, სად რა არის რეალისტური, კონკრეტული გვარებით“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.