პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საკანონმდებლო ორგანოში უნდა შევიდეს და პარლამენტიდან ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.
„მათი გადასაწყვეტია, მოაწერენ შეთანხმებას ხელს და შემოვლენ პარლამენტში თუ არა. მე ვისურვებდი, რომ პარლამენტი სრულად შედგეს და ყველა არჩეული დეპუტატი იჯდეს პარლამენტში, ოპოზიციამ აიღოს ის ფუნქცია, რაც უნდა ჰქონდეს და გავაგრძელოთ მუშაობა იმ საკითხებზე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ადარდებთ“, - აცხადებს ლევან იოსელიანი.
ნიკა მელიას საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევანის წინაშე დადგა. ოპოზიციური პარტია ან შარლ მიშელის დოკუმენტს ხელმოწერით უნდა შეუერთდეს და პარლამენტში შევიდეს, ან ბოიკოტის რეჟიმში დარჩეს. ამ საკითხზე, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობა“ კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.