ევროკავშირმა დაადასტურა, რომ პროკურატურის მოთხოვნა გირაოსთან დაკავშირებით იყო სრულად შესაბამის კანონმდებლობასთან და სამართლებრივ პრინციპებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.
„ევროკავშირმა პირიქით, დაადასტურა რომ პროკურატურა იყო მართალი როდესაც გირაოს ითხოვდა და ნიკა მელია იყო მტყუანი, როდესაც ის გირაოს არ იხდიდა. ეს არის მთელი არსი ამ გირაოს გადახდის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.