ქვეყანას ჩვენი ხელისუფლების პირობებში პოლიტპატიმრები არც ჰყოლია და არც ეყოლება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
„რაც შეეხება მელიას გათავისუფლებას, ასე მთავრდება ხოლმე ზედმეტი ბაქიბუქი სამართლებრივ სახელმწიფოში, როცა არავის ექნება საშუალება კანონი დაარღვიოს. ვუყურებდით, რომ ბაქიბუქობდა, ვერ დაიჭერდნენ, დააკავეს. ამბობდა, გირაოს არ მიიღებდა და ევროკავშირმა სააკაშვილს ხელიდან წაგლიჯა რუსული სცენარის განხორციელების შესაძლებლობა და გირაო გადაუხადეს. ზედმეტი ბაქიბუქის გარეშე ამ გირაოს მიღება მოუწია, შემდეგი ნაბიჯი იქნება, ამნისტიაზე იტყვის, მასზე გავრცელდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.