ერთი ყველაზე დიდი პარტია დარჩენილია ბოიკოტის რეჟიმში, ჯობია რომ შევიდეს პარლამენტში, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.
„გარკვეული წინაპირობები არის. პარლამენტში შესვლას არანაირი ხელისმოწერა არ სჭირდება. ახლა ყველას ვურჩევ რომ პარლამენტში შევიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარლამენტს არალეგიტიმურად ვთვლი. მე მას ვთვლი როგორც ინსტრუმენტს, ბრძოლის საშუალებას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.