ხვალ დილიდან დაიწყება პოლიტიკური კონსულტაციები და შემდეგ იქნება პოლიტიკური საბჭოს ფორმატიც და ყველაფერზე ვისაუბრებთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ნიკა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა.
„არის მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, რომ შევიდეთ პარლამენტში, ასვე არის მოსაზრებები, რომ უმჯობესია პარტიამ სხვა ტაქტიკა აირჩიოს “, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა.
პროკურატურამ ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით, სასამართლოს 9 მაისს მიმართა. იქამდე, 8 მაისს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 ათასი ლარი გადახდილია.
7 მაისს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რომ მელია თანახმაა ევროკავშირის გირაოზე.
თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.
სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.