გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ევროკავშირთან დიალოგს დაუბრუნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მოუწოდებს, ევროკავშირთან დიალოგს დაუბრუნდეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი რუსეთს ევროკავშირთან დიალოგისკენ მოუწოდებს.

„მზად ვართ დიალოგისთვის და დროა მოსკოვიც დაუბრუნდეს დიალოგს“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაიკო მაასმა ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეცვალოს თავისი კურსი, რომელიც რუსეთში სამოქალაქო უფლებების დაცვაზეა მიმართული.

30 აპრილს რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა, მათ შორის ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი.