WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

WSJ: აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსებას განიხილავს

აშშ ავღანეთიდან გაყვანილი ჯარების ნაწილის უზბეკეთსა და ტაჯიკეთში განთავსების შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების ინფორმაციით, აშშ-ის ხელმძღვანელობა, რომელიც ავღანეთიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას შეუდგა, ჯარების ნაწილის მეზობელ ქვეყნებში განთავსების შესაძლებლობას სწავლობს, რათა საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის მთავრობას მხარდაჭერა გაუწიოს და რადიკალური მოძრაობა „თალიბანისა“ და სხვა ექსტრემისტების საქმიანობა გააკონტროლოს.

გეოგრაფიული თვალსაზრისით, ყველაზე შესაფერის ვარიანტად უზბეკეთი და ტაჯიკეთი განიხილება.

The Wall Street Journal-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობას ჯერ არ მიუმართავს ტაჯიკეთისა და უზბეკეთის ხელმძღვანელობისთვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

1-ელ მაისს შეერთებულმა შტატებმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო. 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა გამოაცხადა.

„დროა, დასრულდეს ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი ომი. დროა ამერიკული ჯარები ავღანეთიდან დაბრუნდნენ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.