უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის საქმე (ვიდეო)

უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის საქმე (ვიდეო)

გასულ წლებში თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურეებისთვის უხარისხო ჯავშანჟილეტები შეისყიდა. ჯავშანჟილეტების საქმეზე მუშაობა თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უკვე დაასრულა. საქმე მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნება. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დღეს, თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა ბრიფინგი გამართა. 

როგორც თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა აღნიშნა, 2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან“ მილიონ 680 ათასი დოლარის ღირებულების, უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი “Телохранитель М3” შეიძინა. ჟილეტების გამოცდის შემდეგ, მათი ხარისხი უარყოფითად შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარია, როგორც პისტოლეტის, ასევე ავტომატის ტყვიისთვის.

“Телохранитель М3” მარკის ჯავშანჟილეტის შესყიდვაზე გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს, რადგან ისინი ფარული ტარების ბიზნეს კლასის ჯავშანჟილეტს წარმოადგენს. ეს დასტურდება მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით და ჟილეტების თანხმლები პასპორტის მიხედვით. თავდაცვის უწყების მიერ შესყიდული ჯავშანჟილეტები ასევე, ვერ აკმაყოფილებს ჯარისთვის საჭირო მოთხოვნებს.

უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ტრეიდ ალიანს ჯგუფს“ შორის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 3.000 ცალი ჯავშანჟილეტის მიღებაზე არ შედგენილა, სასაქონლო ზედნადები და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოწერილა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული 2 მილიონ 821 056 ლარი.