ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატს ვალერი გელაშვილს კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტები დასაქმებას სთხოვენ. ამის შესახებ გელაშვილს აქტივისტებმა ბიუროში მიაკითხეს. შეხვედრაზე, სადაც შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დასწრებას ითხოვდა, აქტივისტების მოთხოვნით, დაიხურა. ერთ-ერთი აქტივისტის ირინა ქურდაძის თქმით, ვალერი გელაშვილმა ჟურნალისტების არდასწრების მოთხოვნის დაყენება აქტივისტებს თავად მან შესთავაზა.
,,ჩვენს დეპუტატს ვიცით, რომ მშვიდ გარემოში უყვარს მუშაობა. მან წინასწარ გვთხოვა, რომ ჟურნალისტების არდასწრება ჩვენ მოგვეთხოვა და არა მას. ამიტომ მოხდა ასე. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა იყო დასაქმება. მან გვითხრა, რომ გამგეობაში გამოცხადდება კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მივიღოთ. კონკურსს ორგანიზებას გელაშვილი გაუწევს. შეგვპირდა, რომ ობიექტურად ჩატარდება და ის თავად გააკონტროლებს” – ამბობს ია ქურდაძე.
კიდევ ერთი აქტივისტი ეკატერინე ჩიხრაძე ამბობს, რომ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან 10 თანამშრომელი უმუშევარი დარჩა: ,,დაახლოებით 10 გოგო გავთავისუფლდით. ჩვენ გვინდა, რომ კონკურსის ჩატარებამდე სტაჟიორად გავფორმდეთ, მაგრამ გადაწყდა, რომ კონკურსში მივიღოთ მონაწილეობა” – ამბობს ეკატერინე ჩიხრაძე.
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის განცხადებით, ბიუროს მუშაობა დასალაგებელი იყო: ,,არჩევნები დამთავრდა და აქ ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს ამდენი ადამიანის მისვლა-მოსვლას. მოვიყვანე ახალი კადრი, რომელიც არ იცნობს ბევრ აქტივისტს და აქ დისციპლინას დაამყარებს. ამ ადამიანებს ვეუბნები, რომ თუ დასაქმება სურთ, მიიღონ მონაწილეობა კონკურსში და გამოავლინონ თავიანთი თავი. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ლიტვაში სასტუმროში მყავს კარგი იურისტი, ის არის ლიტვის ლიბერალური პარტიის წევრი. ეს ადამიანი პარტიას კი არ სთხოვს დასაქმებას, არამედ პირიქით საწევრო შეაქვს. თან მუშაობს, თან საარჩევნო პერიოდში არასამუშაო პერიოდში პარტიას ემსახურება. ნორმალურ ქვეყნებში ასე უნდა ხდებოდეს.” – აცხადებს ვალერი გელაშვილი.