მინისტრები  ვაზიანში (ვიდეო)

მინისტრები ვაზიანში (ვიდეო)

დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

დათვალიერების შემდეგ, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შტაბიც მოინახულეს. მათ შტაბის შენობაში განთავსებული თავდაცვის მინისტრის ბაჩანა ახალაიას და გაერთიანებული შტაბის ყოფილი უფროსის, გიორგი კალანდაძის სამუშაო კაბინეტები და მოსასვენებელი ოთახები დაათვალიერეს. აქამდე, თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების კაბინეტები დალუქული იყო.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამუშაო კაბინეტში, ირაკლი ალასანიამ ნოდარ ხადურს, მარნეულის საავიაციო ბრიგადაში არსებული პრობლემები გააცნო და ბაზის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-მასალა უჩვენა.

როგორც მინისტრებმა ბაზის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ერთობლივად დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ ყველა ის პრობლემა, რაც სამხედრო ბაზებზე ამ დროისათვის არსებობს.

ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებითი თანხების მოძიება გახდება საჭირო. მსგავსი ვიზიტები კი სხვადასხვა ნაწილებში გაგრძელდება და ბაზებზე არსებული პრობლემები ბოლომდე იქნება შესწავლილი.