პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და პირადი კომფორტის შექმნაში ადანაშაულებს.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა უწყების მიერ გაცემული პრემიებისა და ჯილდოების შესახებ ინფორმაცია დღეს გაასაჯაროვა და პარლამენტში ის ფოტომასალაც წარადგინა, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსთა პირად კომფორტს, ხოლო ჯარისკაცთა მძიმე პირობებს ასახავს.
სესიაშვილის შეფასებით, მან თავდაცვის უწყებასთან ერთად, შვიდი სამხედრო გარნიზონი დაათვალიერა და ის რეალობა, რაც ნახა, იმ მითებს ცდება, რასაც წლების მანძილზე ყოფილი ხელისუფლება ყვებოდა.
„რეალობა იმ მითებს სცდება, რასაც ქვეყნის მთავარსარდალი გვიყვებოდა, რომელიც ასეთ პირობებში საკუთარ ჯარისკაცებს აცხოვრებს, ნატო-ში გაწევრიანებაზე ქადაგებს და წლების მანძილზე საზოგადოებას ტყუილებით კვებავს. ამ გარნიზონებში ჯარისკაცები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში. სამაგიეროდ, უწყების ხელმძღვანელები მდიდრულად ცხოვრობდნენ და საკუთარი თავისთვის სოლიდურ პრემიებსაც არ იშურებდნენ. ნაწილი შენობების ახლადგარემონტებულია, რომელზეც სერიოზული თანხაა დახარჯული, მაგრამ უკვე ნასახლარს ჰგავს“, - განაცხადა სესიაშვილმა.
დეპუტატის ინფორმაციით, ფულადი პრემიით დაჯილდოების შესახებ თავდაცვის მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის მეთაურის მიერ 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით, გამოცემულია 649 ბრძანება, მათ შორის გრიფით „საიდუმლო“ 519 ბრძანება.
მისი თქმით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ფულადი პრემიის სახით გაცემულია - 41.164.059 ლარი, მათ შორის გრიფით „საიდუმლო“ ბრძანებებით - 18.607.981 ლარი.
„ამ პერიოდში გენერალური შტაბის უფროსმა, დევი ჭანკვეტაძემ პრემიის სახით 267, 130 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ – 203, 664 ლარი. 2012 წლის 3-11 ოქტომბრის პერიოდში, 10 დღეში, ფაქტობრივად ხელისუფლების გადაბარების რეჟიმში, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დარიცხული იქნა 538.534 ლარის ოდენობის, ხოლო გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით 200.000 ლარის ოდენობის პრემია. აღნიშნულ პერიოდში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ გამოცემული, ოქტომბრის თვის გრიფით „საიდუმლო“ ბრძანებებით და პრემიები ძირითადად სამინისტროს სამოქალაქო ოფისის იმ თანამშრომლებს დაერიცხათ, რომლებიც დანიშნულნი იყვნენ 2012 წლის 5 ივლისის შემდგომ, შაშკინის მინისტრობის პერიოდში. მაგალითად: მინისტრის მოადგილემ, კოკა სეფერთელაძემ 12,500 ლარის ოდენობის პრემია მიიღო, ასევე მინისტრის მოადგილემ, მაია სიფრაშვილმა 7,344 ლარის პრემია, გენერალურის ინსპექციის უფროსმა, ირაკლი ანდრიაშვილმა პრემიის სახიით – 15 000 ლარი მიიღო, ხოლო, სვიმონ მასხარაშვილმა 2011-2012 წლებში ასევე პრემიის სახით 40 100 ლარი მიიღო“, - განაცხადა სესიაშვილმა.
კანონმდებელის ცნობით, 2009-2012 წლებში, ჯილდოს სახით გაცემულია დაახლოებით 756.307 ლარის ღირებულების, 161 ერთეული სამოქალაქო და სამსახურეობრივ-საშტატო იარაღი.
„თავდაცვის მინისტრის ბრძანებებით, ფიზიკურ პირებზე ჯილდოდ გადაცემულია 31 ერთეული იარაღი. აქედან, 29 ერთეულის ღირებულება შეადგენს 132.182 ლარს. კერძოდ, იარაღით დაჯილდოებული არიან - აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, ზაზა გოროზია, ლაშა მაქაცარია, გურამ მისაბიშვილი, ხათუნა კალმახელიძე, თემურ იაკობაშვილი, ალექსანდრე ქობალია, ლევან ქარდავა, მეგის ქარდავა, მომღერალი მერაბ სეფაშვილი, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი პროგრამა „შაბათის შოუ“-ს სცენარისტი-მსახიობი ვახტანგ ბიჭიკაშვილი და გადაცემის სცენარისტი-მსახიობი ნიკოლოზ არაბიძე“, - აცხადებს სესიაშვილი.
ამას გარდა, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ასევე 2008-2012 წლებში თავდაცვის სამინისტროს მიერ შესყიდული 10 ძვირადღირებული ავტომობილების სიას აქვეყნებს, რომელთა მთლიანი ოდენობა 1 537 313 ლარს შეადგენს.
„ამ ავტომობილების ფასის მინიმალური ოდენობა 77 682 ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური - 442 183 ლარს“, - დასძენს დეპუტატი.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი სესიაშვილის მიერ წარდგენილ ინფორმაციას, იარაღით დაჯილდოვებული პირები for.ge-სთან საუბარში ადასტურებენ, თუმცა, მათ იმის დასაბუთება უჭირთ, იარაღი ჯილდოს სახით რა დამსახურებისთვის მიიღეს.
როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, მან ერთი წლის წინ, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ოფიციალური ბრძანების საფუძველზე, ჯილდოს სახით - ვალტერის ტიპის იარაღი მიიღო.
მისი შეფასებით, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ პოლიტიკოსებს იარაღსა და საათებს გადასცემენ.
„წინა მოწვევის პარლამენტში, თავდაცვის სამინისტრომ საათები უკლებლივ ყველა დეპუტატს გადასცა, მათ შორის, გია ცაგარეიშვილს. რაც შეეხება ჩემთვის გადმოცემულ იარაღს, ეს ღია ინფორმაციაა და დიახ, ეს იარაღი მივიღე. ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის თავდაცვის უწყებისგან ამგვარი ჯილდო მაქვს მიღებული, თუმცა, არ ვიცი - რა მოტივით. შესაძლებელია ამის საფუძველი ის ყოფილიყო, რომ მთელი ჩემი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქართული ჯარი გაძლიერებულიყო. ჩემი სურვილი იყო, რომ ჩვენს ქვეყანას ისეთი ძლიერი არმია ჰყოლოდა, რომელიც დამპყრობელს წინ აღუდგებოდა. სესიაშვილის მხრიდან კი, ტაკიმასხარაობას აქვს ადგილი. იმის ნაცვლად, რომ მათ ქართული ჯარის გაძლიერებასა და თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმსჯელონ, ადგილი დედაკაცურ ჭორიკნობას აქვს. სამწუხაროდ, ეს არის იაფფასანი და პრიმიტიული პროცესი და ვწუხვარ, რომ ჩვენს პარლამენტს თავდაცვის კომიტეტის ისეთი თავმჯდომარე ჰყავს, რომელსაც ფოკუსირება ამ ტიპის საკითხებზე შეუძლია და არა მნიშვნელოვან თემებზე. ამ თემიდან, ანუ სპილოს გამოძეწრვა ბუზიდან არავის გამოუვა“, - განაცხადა წიკლაურმა.
სესიაშვილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი სასაცილოს უწოდებს და საკითხზე საუბრისას აქცენტს ბაჩო ახალაიას საქმიანობაზე აკეთებს.
„ბაჩო ახალაიას მიმართ ჩვენებებს კანონიერი ქურდები და ის სამხედროები აძლევენ, რომლებიც ვარჯიშზე უარს ამბობდნენ და მოღალატეები იყვნენ. ბაჩო ახალაიას მიერ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და ისეთი არმია ჩამოყალიბდა, რომელსაც შესწევს უნარი ქვეყანა დაიცვას. თქვენ ხედავთ, რომ მეოთხე ბრიგადა საგამოძიებო იზოლატორად აქციეს. რაც შეეხება სესიაშვილის განცხადებას, ეს სასაცილოა. ბაჩო ახალაიას სწორედ იმიტომ ებრძიან, რომ მან ქართული იარაღის წარმოებას საფუძველი ჩაუყარა. „ქართული ოცნების“ ქურდებთან დაახლოება, ეს იმის საფუძველია, რომ ორივე ახალაიას ებრძვიან“, - აღნიშნა მინაშვილმა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გასართობი გადაცემის - „შაბათის შოუს“ მსახიობებისთვის იარაღის გადაცემა რა დამსახურების გამო მოხდა, for.ge-სთან საუბარში ნიკა არაბიძე და ვახო ბიჭიკაშვილი აცხადებენ, რომ მათ ჯილდო თავდაცვის სამინისტროსგან, ერთი წლის წინ, ქვეყნის მასშტაბით კონცერტების ჩატარების გამო გადაეცათ.
არაბიძის მტკიცებით, ის იმ დროს, ბაჩო ახალაიას არ იცნობდა, როდესაც, მან უწყებისგან ეს ჯილდო მიიღო.
„ანაკლიასა და გორში, კონცერტები ჩავატარეთ და იარაღით დაგვჯილდოვეს. მაშინ, მინისტრს საერთოდ არ ვიცნობდი. თუ რა ტიპის იარაღია, ეს არც ვიცი და ამაში ვერც ვერკვევი. საჩუქრის მიღების შემდეგ, მისთვის ხელიც არ მომიკიდია“, - განუცხადა for.ge-ს არაბიძემ.
საგულისხმოა, რომ ნიკა არაბიძის მსგავსად, იდენტური განცხადება ვახო ბიჭიკაშვილმაც გააკეთა.
ბიჭიკაშვილის მტკიცებით, ჯილდო, რომელიც მან თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო, ქვეყნის მასშტაბით კონცერტების ჩატარებას უკავშირდება.
„იარაღი თუ რა ფასიანია არ ვიცი, მაგრამ ისე სანადირო თოფია და სამსახურეობრივი დატვირვის გამო, მას ვერ ვიყენებ, მაგრამ როცა რაიმეს მოვინადირებ, თქვენ დაგპატიჟებთ“, - განუცადა for.ge-ს ბიჭიკაშვილმა.
მაშინ, როდესაც ჯილდოს მიმღებნი - იარაღის მარკასა და ფასში ვერ ერკვევიან, რა საჭირო იყო მათთვის საჩუქრების გაკეთებისთვის - 756.307 ლარის ღირებულების სამოქალაქო და სამსახურეობრივ-საშტატო იარაღის შეძენა, ამაზე პასუხის გაცემა მომავალში ყოფილ ძალოვან მინისტრ ბაჩო ახალაიას მოუწევს, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ იმ წლების განმავლობაში, როცა ყოფილი ჩინოვნიკები საკუთარ კომფორტს იქმნიდნენ, საზოგადოების ნაწილი გადაუდებელი სამედიცინო დამხარებისთვის მთავრობის მხრიდან თანხების გამოყოფას თვეობით ელოდებოდა.