დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ფინანსთა მინისტრთან ერთად, ვაზიანში IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე იმყოფებოდა. მინისტრებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.
დათვალიერების შემდეგ, თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა, მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ვაზიანის ბაზის ტერიტორიაზე მდებარე შტაბიც მოინახულეს. მათ შტაბის შენობაში განთავსებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას და გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილის, (ვიცე-პოლკოვნიკის) გიორგი კალანდაძის სამუშაო კაბინეტები და მოსასვენებელი ოთახები დაათვალიერეს. აქამდე, თავდაცვის უწყების ყოფილი მაღალჩინოსნების კაბინეტები დალუქული იყო.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის სამუშაო კაბინეტში, ირაკლი ალასანიამ ნოდარ ხადურს, მარნეულის საავიაციო ბრიგადაში არსებული პრობლემები გააცნო და ბაზის ინფრასტრუქტურის მდგომარეობის ამსახველი ვიდეო-მასალა უჩვენა.
როგორც მინისტრებმა ბაზის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, მათ პრემიერ-მინისტრისგან დავალება მიიღეს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად მოწესრიგდეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს მათ ერთობლივად დაეთვალიერებინათ და შეესწავლათ ყველა ის პრობლემა, რაც სამხედრო ბაზებზე ამ დროისათვის არსებობს.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, ინფრასტრუქტურა ახალ ხელისუფლებას თითქმის ყველა ბაზაზე მოუწესრიგებელი და განადგურებული დახვდა. მისი თქმით, გამონაკლისია მხოლოდ თავდაცვის ეროვნული აკადემია და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ახალი ხელისუფლების პირობებში თავდაცვის სტრუქტურისათვის პრიორიტეტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იქნება. "ძალიან სამწუხაროა, რომ წინა ხელისუფლების დროს, თავდაცვის სამინისტროსთვის მთავარი ღირებულება ჯარისკაცი არ იყო და მისთვის არ იხარჯებოდა ფული. 2004 წლის შემდეგ, თავდაცვის უწყებაზე 8 მილიარდ ლარამდეა დახარჯული. აშკარად ჩანს, რომ ჯარისკაცების ყოფას ეს თანხა არ მოხმარდა. ჩვენი ამოცანაა და პრემიერმა გასცა განკარგულება, რომ ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ. სწორედ ამას ემსახურება ეს ვიზიტი" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
„ცხადია, რომ როდესაც ჩვენ გასული წლების ანალიზს ვაკეთებთ და ვიცით, რომ შეიარაღებაზე და მატერიალურ ტექნიკურ ბაზაზე დაიხარჯა 8 მილიარდი ლარი, ჩვენ გვაინტერესებს რაში დაიხარჯა ეს თანხა. სამწუხაროა, მაგრამ სავალალო მდგომარეობაშია ბევრი სამხედრო ბაზა. როგორც ჩანს, 8 მილიარდი ლარი, ბევრ სხვა რამესთან ერთად, ფასადებს მოხმარდა. მე მოვედი, დავრწმუნდე, რომ კიდევ საჭიროა რესურსები შეიარაღებული ძალების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გასაუმჯობესებლად. ძალიან დიდი თანხებია დახარჯული. თქვენ თავად ნახეთ მინისტრის კაბინეტი, რომელიც მას რეალურად არც სჭირდებოდა" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად დამატებითი თანხების მოძიება გახდება საჭირო. მსგავსი ვიზიტები კი სხვადასხვა ნაწილებში გაგრძელდება და ბაზებზე არსებული პრობლემები ბოლომდე იქნება შესწავლილი.