საქართველოს პრემიერ--მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილისა და კოტე კუბლაშვილის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ კოტე კუბლაშვილმა ბიძინა ივანიშვილს უზენაესი სასამართლოს მუზეუმი დაათვალიერებინა.
"საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმა აუცილებელია, ამისთვის ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს და ახალი გუნდის მიერ, ამ რეფორმების 80%-ს ეთანხმება, მაგრამ აქვს კითხვებიც. კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვფიქრობ, მას აქვს საშუალება ღირსეულად დაასრულოს თავმჯდომარეოიბის ვადა და მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო დარჩეს საქართველოში. იმ პროცესებზე, რაშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, გასაგებია, რომ არსებობს კითხვები წარსულისადმი.ძალიან ბევრი გაკეთდა სასამართლოში ამ დროის განმავლობაში და მას აქვს შეტანილი წვლილი ამ პოზიტივში. რაც მთავარია, ძირითად პრინციპებში ვთანხმდებით. ვერ შევთანხმდით იმაში, რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი. შეიძლება, მე მგონია, რომ უფრო მეტია კითხვები, ვიდრე - ბატონ კოტეს. ძირითად პრინციპებზე -- იმაზე, რომ სასამართლო უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვთანხმდებით. მე მას გარანტია მივეცი და შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ან კოალიციის ლიდერის ან ჩემი გუნდის მხრიდან, ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს ან სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა.