ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ინდური შტამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით

ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის ინდური შტამისგან „ბუას“ ნუ შევქმნით

„ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით“, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს - ინდური შტამის საქართველოში გავრცელების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისივე განცხადებით, თავად ინდოეთშიც კი, ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არაა გამოწვეული.

„იქ უპირატესობა აქვს ბრიტანულ შტამს. ორმაგი მუტაცია, რომელიც ინდურ შტამშია, არის უმცირესობაში. უმრავლესობაშია ბრიტანული შტამი. რა თქმა უნდა, ოდესღაც, ეს შტამები ყველა ქვეყანაში გაჩნდება და იქნება. ამის გამო, მისგან რაღაც „ბუას“ ნუ შევქმნით. ვაქცინები, რომელიც დღეს ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტიანობით, ამ შტამებს ფარავს“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში, ლაბორატორიულად, კორონავირუსის ინდური შტამი არ დაფიქსირებულა და ქვეყანაში ბრიტანული ვარიანტია დომინანტი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა სრულად ვაქცინირებული მოქალაქეებისთვის შეღავათების დაწესებას გეგმავს. ამასთან, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში ჩართულ პირთა წრე ფართოვდება.

დღეს საქართველოში „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყო. საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 312 954 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 294 252, გარდაიცვალა 4 163 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.