შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს - არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის

შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიაზე: გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს - არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის

„გირაო უნდა, მაგრამ ვერ ამბობს. ასეა, როცა თამასას ისეთ სიმაღლეზე წევ, რომელსაც ვერ აიღებ“, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას ადვოკატების განცხადებას.

„არ ჰყოფნის გამბედაობა არც ქვეყნისთვის, არც საკუთარი თავისთვის. დაიმთავრა თავი, როგორც პოლიტიკოსმა. ასე წარმავალია ამქვეყნიური დიდება“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.

სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს თანხა 40 000 ლარით გაიზარდა. გადახდის ვადად მელიას 50 დღე განესაზღვრა, თუმცა მან გირაო არ გადაიხადა, რის შემდეგაც პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე 23 თებერვალს დააკავეს.

დღეს, ნიკა მელიასთან შესახვედრად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ადვოკატები შევიდნენ.

ოპოზიციის ნაწილში, მოლოდინი, რომ ნიკა მელია დათანხმდება ევროპელი პარტნიორების შეთავაზებას, მას შემდეგ გაჩნდა, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ მოინახულა.

თავდაპირველად, ნიკა მელია ამბობდა, რომ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა გირაოს, თუ პარლამენტიდან ამნისტიის შესახებ კანონპროექტს გამოიწვევდნენ.