ევროკავშირი: რუსეთმა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზა აირჩია

ევროკავშირი: რუსეთმა ევროკავშირთან კონფრონტაციის გზა აირჩია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპარლამენტის პრეზიდენტი ევროკავშირის რვა მოქალაქის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს ეხმაურებიან.

„მკაცრად ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების დღევანდელ გადაწყვეტილებას ევროკავშირის რვა მოქალაქისთვის რუსეთის ტერიტორიაზე შეშვების აკრძალვის შესახებ. ეს ქმედება დაუშვებელია, მას არ აქვს რაიმე სამართლებრივი დასაბუთება და მთლიანად უსაფუძვლოა. ის მიზნად ისახავს უშუალოდ ევროკავშირს და არა მხოლოდ კონკრეტულ პირებს. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ რუსეთის ფედერაციამ ევროკავშირთან დაპირისპირება აირჩია. ევროკავშირი უფლებას იტოვებს, მიიღოს შესაბამისი ზომები რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილების საპასუხოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, დავიდ სასოლის ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. რუსეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისა და ორგანიზაციების მიმართ არალეგიტიმური ცალმხრივი სანქციების პოლიტიკას განაგრძობს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის გარდა, რუსეთის ხელისუფლებამ სასანქციო სიაში კიდევ 7 პირი შეიყვანა, მათ შორის ბერლინის პროკურატურის ხელმძღვანელი, იორგ რაუპახი.