პროკურორი: ნიკა მელიას დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა

პროკურორი: ნიკა მელიას დაცვის მხარე გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა სხდომის გადადების შუამდგომლობა

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ნიკა მელიას საქმეზე დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით უნდა წარმდგარიყო, თუმცა სხდომაზე მოუმზადებლები გამოცხადდენ, რის გამოც სასამართლო პროცესის გადადების შუამდგომლობა დააყენეს.

მისივე შეფასებით, პროცესის გადადების შუამდგომლობა დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით.

პროკურორი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარე პროცესის გაჭიანურებას ცდილობს.

„სხდომაზე, ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე უნდა მომხდარიყო დაცვის მხარის მიერ შესავალი სიტყვის წარდგენა. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ფაქტობრივად გამოცხადდა მოუმზადებელი და დააყენა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რომელიც დასაბუთებული იყო მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია არც ერთი სამართლებრივი არგუმენტი, რაც ბუნებრივად გვაფიქრებინებს, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურების მცდელობას", - განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

რაც შეეხება პროკურატურის შეთავაზებას აღკვეთის ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით, გულუაშვილის განმარტებით, პროკურატურის შეათავაზება ძალაშია.

„დაცვის მხარეს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს ისარგებლოს ამ შეთავაზებით, რომელიც გულისხმობს - თუ დაცვის მხარე შეასრულებს გირაოს პირობებს, ბრალდების მხარე არათუ დაეთანხმება ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლას, არამედ თავად იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული პატიმრობა შეიცვალოს გირაოთი.

ეს შეთავაზება ჩვენ როგორც საჯაროდ, ისე სასამართლო სხდომათა დარბაზში არაერთხელ განვაცხადეთ და დაცვის მხარე ინფორმირებულია ამ პოზიციის შესახებ. მიუხედავად ამ შეთავაზებისა, არც დაცვის მხარეს და არც სხვა პირს დაცვის მხარის და ბრალდებულის სახელით არ მოუმართავს პროკურატურისთვის გირაოს გამოყენებასთან დაკავშირებით. მათ შორის დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ადვოკატს არ უსაუბრია ამ საკითხზე და არც ჩვენთან არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია.

ჯერ კიდევ 2019 წლის 25 ივნისს ნიკა მელიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენებული იყო გირაო, გირაოს გამოყენების მიზანშეწონილობაზე იმსჯელა არაერთი ინსტანციის სასამართლომ და მიიჩნია დადასტურებულად, რომ უნდა გამოყენებულიყო ეს აღკვეთის ღონისძიება. ამის შემდგომ, დაახლოებით, წელიწადნახევარი ნიკა მელია ასრულებდა აღკვეთის ღონისძიების პირობებს, შემდეგ მან აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად გამოყენებული ერთ-ერთი ღონისძიება -ელექტრონული მონიტორინგი ფაქტობრივად დაარღვია, მოიხსნა და გადააგდო ელექტრონული სამაჯური. ამის შემდგომ მის მიმართ გამოყენებული იყო კიდევ გირაოს აღკვეთის ღონისძიება ვთვლიდით რა, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც შესაძლებელი იქნებოდა აღკვეთის ღონისძიების პირობები. თუმცა, გირაოს მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებული შეასრულებს გირაოს პირობებს და დაექვემდებარება იმ სამართლებრივ მოცემულობას, რაც დადგენილია აღკვეთის ღონისძიების წესებით. იმის გათვალისწინებით, რომ ვერც ერთმა სხვა მსუბუქმა აღკვეთის ღონისძიებამ ვერ შეძლო აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა, რჩებოდა ერთადერთი ალტერნატივა პატიმრობის გამოყენებაზე და ეს პატიმრობა იქნა გამოყენებული.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო, რომ გირაოს პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შესაძლებელი იყო საქმის განხილვა გირაოს გამოყენების პირობებში. მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე ერთ შემთხვევაში არღვევდა კანონს, მეორე შემთხვევაში უარს ამბობდა ამგვარ, უფრო მსუბუქ აღკვეთის ღონისძიებაზე, რამაც შექმნა ასეთი მოცემულობა.

ჩვენი შუამდგომლობის საფუძველზე გამოყენებული იქნა პატიმრობა, რადგან სხვა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას, რაც ძალიან ცხადად იყო წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეში და საზოგადოებისთვისაც არის ცნობილი", - განაცხადა პროკურორმა.