პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებული შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია დაიწყო. მე ვულოცავ ყველას ვინც მოაწერა ხელი და დაიწყო აღსრულების უმნიშვნელოვანესი ეტაპი. კარგია რომ ამ შეთანხმების საფუძველზე გიორგი რურუა გათავისუფლდა და იმედი მაქვს ნიკა მელიაც მალე დატოვებს საპატიმროს. პოლიტიკოსები ერთად უნდა შეუდგნენ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწას და მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობას. ასევე, უნდა წავიდეთ წინ ევროინტეგრაციის კუთხით და ამას მუშაობა სჭირდება, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განუცხადა.
„ნატოში და ევროკავშირში გასაწევრიანებლად მომზადებასა და საჭირო ნაბიჯების გადადგმას, ანუ სტრატეგიულ მიზნამდე მისვლას, სტრატეგიული ერთობა სჭირდება. ძალიან გთხოვთ, აღარ გვინდა პოლიტიკური კრიზისი და ასეთი სირთულეები. ეს უნდა იყოს მაგალითი საქართველოში პოლიტიკოსებისთვის და ეს მოწოდებაც ორივე მხარეს ეხება. ამ კრიზისის დასრულება საქართველოს შესაძლებლობას მისცემს ახალი ენერგიით შეუდგეს საქმეს და იყოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ლიდერი სახელმწიფო. ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ასოცირებული ქვეყნების ლიდერია და უფრო მეტიც, წინ უსწრებს კანდიდატ სახელმწიფოებს დასავლეთ ბალკანეთიდან. ეს მოცემულობა ჩვენ გვაძლევს დამატებით შესაძლებლობებს გავაკეთოთ უფრო მეტი საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის და ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უფრო ამბიციური მიდგომების ჩამოსაყალიბებლად“, - განაცხადა კუბილიუსმა.