ზოგადად არ გვინდა დამატებითი მკაცრი შეზღუდვების შემოღება. რეკომენდებულია, რომ არსებული შეზღუდვების აღსრულება ამ დღეებში იყოს მაქსიმალური, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ასევე რეკომენდაციები წინასააღდგომო და აღდგომის შემდგომ დღეებთან დაკავშირებით არის, რომ მაქსიმალურად მოკრძალებულად აღვნიშნოთ, რადგან არ იყოს დამატებითი იმპულსი ინფიცირების კიდევ მეტად გავრცელების. ეს არის ჩვენი მიდგომა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. ევროპის წამლის სააგენტოს ინფორმაციით, AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია.