თუ ყველა წესი იქნება დაცული, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრებაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. 2020 წლის აღდგომის შემდეგ, ყველაფერმა მშვენივრად ჩაიარა, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „იმედის დილა“ განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მრევლის ნაწილი ორ პირბადეს გამოიყენებს.
„სასურველია, ორი პირბადე გამოიყენონ ადამიანებმა. განსაკუთრებით 60 წელს გადაცილებულმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა. რა თქმა უნდა, 2020 წელს ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გაცილებით ნაკლები იყო, მაგრამ წესების დაცვის შემთხვევაში, საშიში არაფერი იქნება. რაც შეეხება სასაფლაოებზე ქეიფებისა და ღრეობების მოწყობას, მგონი, ეს თავად მიცვალებულსაც კი აწუხებს და რელიგიაც არ ითვალისწინებს. ამიტომ, ეს ძალიან მოკრძალებულად უნდა მოხდეს. მივიდეთ, კვერცხი გადავაგოროთ და სახლში დავბრუნდეთ“, - აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.