პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ--მინისტრმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან მედიის წარმომადგენლებს შეხვედრის დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ შეხვედრის მიზანი "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების ღირსეულ წევრებად დარჩენის სურვილი იყო. პრემიერ--მინისტრის თქმით, ახლა მთავარია სწრაფად ჩაცხრეს ემოციური ფონი.
"ჩვენ გვქონდა სხვა ტიპის საუბრები. მე დავარწმუნე ის, რომ არანაირი არეულობა არ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთებს ამის სურვილი აქვთ. არ მოხდება და ვერ მოახერხებს ვერავინ ქუჩაში დაპირისპირების გადატანას და საქართველოში არეულობის მოწყობას. მე ამის გარანტიას საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაძლევ...1-ელ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა და ამას ვერავინ ვეღარ შეაბრუნებს. გარწმუნებთ, რომ არავითარი ალბათობა, არავითარი შანსი არ არსებობს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დაბრუნდეს. ის, რასაც საზოგადოებაში ავრცელებენ და საზოგადოება დაძაბულია, არავითარი ამის ალბათობა არ არსებობს. მასაც ეს გავუმეორე", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ--მინისტრის თქმით, მან შეახსენა სააკაშვილს, გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან და არ უნდა აკეთონ განცხადებები მხოლოდ დასავლეთისთვის.
"მე ვუთხარი მას და ახლაც შემიძლია, შევახსენო სააკაშვილს და "ნაციონალურ მოძრაობას", უნდა გააცნობიერონ, რომ საქართველოს მოქალაქეები არიან, მთავრობას წარმოადგენენ, პრეზიდენტია საქართველოსი და ვთხოვე მათ, რომ თავი დაანებონ მხოლოდ ევროპასთან და ამერიკასთან საუბარს და მხოლოდ მათთვის საუბარს. მე ვთხოვე და მოვუწოდე, რომ მათ ისაუბრონ ისე, რომ გასაგები და მისაღები იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის და ნუ რჩებიან ვირტუალურ სამყაროში. მან მიპასუხა, რომ ეს ჩემი აზრია და მას განსხვავებულად მიაჩნია. საუბარი იყო - ჩემი შენ გითხარი, რასაც მოვუწოდებდი სააკაშვილს, იგივეს მომიწოდებდა მეც, რომ რეალობაში მოვიდე და რეალობაში დავრჩე",-აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.