პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრა და დიდი მოლოდინი. შეხვედრა დღეს, სამ საათზე მთავრობის კანცელარიაში გაიმართება.
მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრებენ. მე შეგახსენებთ, პრემიერმა პრეზიდენტს 26 თებერვალს "ფეისბუქით" მიმართა და მას სამ დღიანი ვადა მისცა. კიდევ ერთხელ, ამონარიდი ბიძინა ივანიშვილის მიმართვიდან: „საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის კენჭისყრა ნამდვილად იქნება წყალგამყოფი, რადგან ვინც მასზე უარს იტყვის, იგი აიღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურ მოძრაობას" ჩაუდენია". პირველ მარტს დათქმული შეხვედრა პრეზიდენტმა მოუცლელობის გამო დღეისთვის გადადო და საკუთარი პირობებიც წამოაყენა. „ ჩვენ ვითხოვთ საშუალო და ქვედა რგოლის პირების დევნის შეწყვეტას. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი და პირადად ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, პარლამენტი იყოს იქ, სადაც ახლაა– ქუთაისში" - ეს არის პრეზიდენტის მოთხოვნა.