პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson - დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი I)

პოპ–პორტრეტები: რობერტ ფრიპი და King Crimson - დიდი მუსიკოსების სამჭედლო (ნაწილი I)

როკ სამყაროში რამდენი სახელიცაა, იმდენი long and winding road-ია და მუსიკოსები ვინც 40-50 წლიან სასცენო მოღვაწეობას მიაღწია, განსაკუთრებული ინტერესითა და მგრძნობელობით იხსენებენ წარსულ ათწლეულებს, ივიწყებენ კონფლიქტებს და ცდილობენ, რომ მხოლოდ შემოქმედებით მხარეზე ისაუბრონ.

საუბარი ტრადიციულად როკ’ნ’როლით იწყება, შემდეგ ჰიტები, პოპულარობა, ტურნეების ჩამონათვალი, ჩავარდნა, კვლავ აღმასვლა, ზოგჯერ საავტორო უფლებებზე დავა, კრიტიკის აზრი და ა.შ.

იშვიათია მუსიკოსი, რომელსაც ზემოთ მოყვანილ რომელიმე ამ კატეგორიასთან დაკავშირებით, პრობლემა თუ არა, რაიმე შეხება მაინც არ ჰქონოდეს, მსოფლმხედველობით ძირეულად განსხვავდებოდეს თანამედროვეთაგან და ჰიპიზმი თუ არა, როკ’ნ’როლი მაინც არ გაეზიარებინოს ეპოქასთან, რომელმაც იგი შვა და რომლის მიმართაც არასოდეს ყოფილა წინააღმდეგობაში, მაგრამ არასოდეს ჰქმნიდა მუსიკას თინნეიჯერულს და მით უფრო საცეკვაოს.

ყველაფერი 1966 წელს დაიწყო, როდესაც ძმებმა მაიკ და პიტი ჯაილსებმა,  კოლექტივში გიტარისტი რობერტ ფრიპი მიიწვიეს და ტრიო მსმენელთა წინაშე, დამწყები ჯგუფისათვის გამორჩეულად მრავალფეროვანი უცნაურ არაროკ’ნ’როლური რეპერტუარის შესრულებას შეუდგა.

ამ სიმღერებს შორის ლამაზად იხატებოდა მომავალში King Crimson-ის სადებიუტო ალბომის მშვენება, ჯუდი დაიბლის სასიამოვნო ხმით ნამღერი I Talk To The Wind. კოლექტივს შემდგომში სიმღერათა ტექსტების ავტორი პიტი სინფილდიც დაუმეგობრდა; მულტიინსტრუმენტალისტ იან მაკდონალდსთან ერთად კი რობერტ ფრიპის შეთავაზებით, ჯგუფში ერთდროულად მომღერალი და ბას გიტარისტი გრეგ ლეიკიც მიიღეს და Giles, Siles & Fripp, თვალსა და ხელს შუა  King Crimson-ად იქცა.

განსხვავებული მსოფლმხედველობის მუსიკოსები, რომლებიც ჯაზურ იმპროვიზაციას შუა საუკუნეობრივ ევროპული რაინდული ხასიათის ჰანგებით დაწყებულ, ფსიქოდელიური ვაკხანალიით დამთავრებულ თემებს არგებდნენ, იმთავითვე ტრადიციულ როკ’ნ’როლური ყაიდის მუსიკოსების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ. King Crimson მათ ვერც კონკურენციას გაუწევდა და შოუსაც უფრო მრავალფეროვნად წარმოუჩენდა.

ამ მიზეზით როკ ისტორიის ერთი ნონსენსი დაფიქსირდა. King Crimson-ს არსებობის ოთხი ათწლეულის მანძილზე, ყველაზე დიდი აუდიტორია სადებიუტო კონცერტზე (!) აღმოაჩნდა. ჯგუფი 500.000-იანი აუდიტორიის წინაშე, ლონდონის ჰაიდ პარკში, მსმენელთა წინაშე თვით Rolling Stones-ის გამახურებელ ბენდად წარსდგა. პროგრესივ როკ ჯგუფისთვის ამ ნიშნულთან მიახლოებული მაყურებელთა რაოდენობა, მომავალშიც წარმოუდგენელი იყო. მაგრამ რაც მთავარია, დებიუტი შედგა და შედგა ყველაზე უკეთ, როგორც შეიძლებოდა ეს ყოფილიყო. ნახევარმილიონიან აუდიტორიაში თვით ჯიმი ჰენდრიქსიც იმყოფებოდა. მან კონცერტის შემდეგ, რობერტ ფრიპს გაცნობის აღსანიშნავად მარცხენა ხელი გაუწოდა. ამ ჟესტს ორმაგი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. ის, რომ ერთის მხრივ ჰენდრიქსი ცაცია იყო, მეორეს მხრივ კი მარცხენა ხელი, გულთან უფრო ახლოს იყო...

ასე იყო თუ ისე, გიტარ-მაესტროსგან ასეთი დაფასების ღირსი, ვინძლო მსოფლიოს არცერთი სხვა გიტარისტი არ გამხდარა და ეს მაშინ, როდესაც რობერტ ფრიპი გიტარ-სოლოების ბუმის ეპოქაში, „სოლო“ გიტარისტი ნამდვილად არ ყოფილა და კოლექტივში სოლო ინსტრუმენტების როლს, უფრო ფლეიტა და საქსოფონი ინაწილებდნენ. პირველი ალბომების ჟღერადობას კი დიდწილად იან მაკდონალდსის მელოტრონი წარმართავდა, რომელიც გრეგ ლეიკის ლირიკულ ვოკალთან შერწყმული, სიღრმესთან ერთად, სითბოსაც მატებდა იმავდროულად  საკმაოდ პირქუშ რეპერტუარს.

ალბომ In The Court Of Crimson King-ის გამორჩეული გარეკანი 21-ე საუკუნის შიზოიდი ადამიანისა და Crimson King-ის ნაზავით, რაც წინასწარმეტყველური იმ თვალსაზრისითაცაა, რომ დღესდღეობით ალბომი კვლავაც თანამედროვედ ჟღერს და 21-ე საუკუნეში მას არაორდინალური ადამიანები, რობერტ ფრიპის თქმით, თუნდაც 2003 წლის წლის ნამუშევარ Power To Believe-ზე ნაკლებად არ ყიდულობენ, მხატვარ ბარი გოდბერის შედევრია. მხატვარი ალბომის გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1970 წლის იანვარში, 24 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი დანატოვარი გარეკანი კი შთაგონების წყაროდ, არაერთი იმდროინდელი მხატვრისთვის იქცა. განწყობით, გარეკანი თითქოს King Crimson -ის მომდევნო ალბომ In the Wake of Poseidon-საც გაჰყვა, რადგან ამ ნამუშევარმა ჯგუფში რიგი ცვლილებების მიუხედავად, სადებიუტო ალბომის ეპიტაფიური მუხტი შეინაჩუნა. მეორე ალბომში რობერტ ფრიპის ჯგუფს კიდევ ორი მნიშვნელოვანი წევრი - პიანისტი კიტ ტიპეტი და ფლეიტისტი და საქსოფონისტი მელ კოლინზი შეემატა. ამგვარად King Crimson-ის ჯაზური სვლები კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა, ხოლო ალბომის ცენტრალური დამაბოლოვებელი The Devil's Triangle, ჯეფ ბეკის Beck’s Bollero-ს შემდეგ, რაველის ბოლეროს ზოგადად როკ მუსიკაში დამკვიდრების მომასწავებლად იქცა.

რიგი ცვლილებების მიუხედავად, ალბომმა განაგრძო პირველ ალბომში დასახული გეზი და ჯაზური იმპროვიზაციების ფონზე, შუა საუკუნეობრივი ევროპული მუსიკის, ნეო კლასიციზმისა და პირქუში ვაკხანალიის გრანდიოზულ სინთეზად იქცა.

King Crimson მუსიკალურმა პრესამ, რა თქმა უნდა პროგრესივ-როკ/არტ-როკ ჟანრში განათავსა მის თანამედროვე ბრიტანულ გიგანტებთან Yes, Genesis, Van Der Graaf Generator ერთად. მეორე ალბომში  დიდი იყო ალბათობა ლეიკის არყოფნისა, რომელმაც ცოტა ხნის შემდეგ, მართლაც ახლადშექმნილ Emerson Lake And Palmer-ში გადაინაცვლა. ვოკალისტის ვაკანსიას იმ დროისათვის უცნობი ელტონ ჯონიც გამოეხმაურა, მაგრამ ის ჯგუფში არ მიუღიათ. მით უფრო უცნაური იყო  1972 წელს ერთდროულად მომღერლად და ბას გიტარისტად შემდგომში Bad Company-ში სახელგანთქმული ბოზ ბარელის მიწვევა. ეს ალბომ Islands-ში მოხდა, რომელიც ჯგუფის მოღვაწეობის მეორე ეტაპად მოიაზრება. პირველი ეტაპის ბოლო - მესამე ალბომ Lizard-ში კი ვოკალის პარტია Yes-ის ჯონ ანდერსონმა და რობერტ ფრიპის სკოლის მეგობარმა გორდონ ჰესკელმა გაინაწილეს. საყურადღებოა, რომ Lizard-ში დრამზე Crazy World of Arthur Brown -თან „ნაჯდომი“ ენდრიუ მაკკულოჩი უკრავდა.

ალბომ Islands-დან, განსაკუთრებით საინტერესო მისი პირველი ნაწილი გამოდგა. Formentera Lady მელ კოლინზის საქსოფონისა და კიტ ტიპეტის კლავიშების თავბრუდამხვევ  გარღვევებამდე, მოწვეულ სამხრეთ აფრიკელ ჯაზ მენ ჰარი მილერის დაბლ ბას პარტიით გვაოცებს. შემდეგ კი იწყება თავდავიწყება... ბოზ ბარელის მშვიდი, ხოლო შემდეგ კი ინსტრუმენტებ აღრეული პარტია, საბოლოოდ გადაედინება (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) კომპოზიცია-ნაკად Sailor's Tale-ში, რომლის პირველი ნაწილი საქსოფონის, ფლეიტის, მელოტრონის ფონზე ვითარდება, მეორეში კი მელოტრონის აკომპანემეტს უკვე რობერტ ფრიპის გიტარ ექსპერიმენტული სასწაულები ერთვის. მას თავის მხრივ თვითმფრინავი აეკიდება და ალბომის პირველი ნაწილი, თითქოს ღრუბლებში გაუჩინარებული თვითმფრინავის ბგერის ფონზე, ძალზედ უცნაურ გიტარული კულმინაციით ბოლოვდება. მას ალბათ გიტარ სოლოც შეგვიძლია ვუწოდოთ, ოღონდ დაკვრის მსგავსი ხელწერა, ფრიპს აღარასოდეს გამოუმჟღავნებია. ალბომის მეორე ნაწილი შედარებით მშვიდია და ორიგინალობით აქ კლასიკური ინსტრუმენტული Prelude: Song Of The Gulls გამოირჩევა.

ალბომ Islands-ით დასრულდა King Crimson-ის მოღვაწეობის ორი   უმნიშვნელოვანესი ეტაპი. საუბარია, რომ  პიტ სინფილდის ტექსტების საფუძველზე, ჯგუფმა საწყისი ოთხი ალბომით, დედამიწის ოთხივე სტიქია წარმოაჩინა. რობერტ ფრიპი კი ალბათ თავს იკატუნებდა, როდესაც ამბობდა, რომ იგი  არ არის ჯგუფის ლიდერი და რომ King Crimson-ის მუსიკა იმ საუკეთესო ინგლისელი მუსიკოსების შეხამებული გემოვნების დამსახურება იყო, ვინც კონკრეტულ ალბომში ღებულობდა მონაწილეობას. ოთხი სტიქიური ალბიმის შემდეგ, პიტ სინფილი Emerson Lake & Palmer-ს ტვინის ოპერაციის ჩატარებაში დაეხმარა, ხოლო ლირიკოსის ფუნქცია კი ჯგუფში რიჩარდ პალმერ ჯეიმსმა იტვირთა. 

(გაგრძელება იქნება)