G7: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება

G7: რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პროვოკაციები და დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო.

„ჩვენ,G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრები და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ღრმად შეშფოთებულნი ვართ უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის შეიარაღებული ძალების გაძლიერების გამო“, - ნათქვამია განცხადებაში.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები აცხადებენ, რომ წინასწარი შეტყობინების გარეშე ჯარების მასშტაბური გადაადგილება საფრთხეს წარმოადგენს და სიტუაციის დესტაბილიზაციას იწვევს.

„რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პროვოკაციები და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, დაუყოვნებლივ განმუხტოს ვითარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.